ევროპარლამენტმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია, სახელწოდებით “საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოში” დაამტკიცა. ინიციატორი ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგაა.
რეზოლუციას, რომელსაც რამდენიმე თანაავტორი ჰყავს, ევროპარლამენტის 495-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 7-მა ევროპარლამენტარმა კი ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 552-მა დეპუტატმა მიიღო.
”ევროპარლამენტი სამძიმარს უცხადებს თამაზ გინტურის ოჯახს; კატეგორიულად გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალის გამოყენებას;
ხაზს უსვამს, რომ თამაზ გინტურის მკვლელობა, ისევე როგორც ქართველი დევნილების: არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის სასტიკი მკვლელობები, ასევე ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვა რუსეთის სამხედრო ბაზაზე ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირდაპირი შედეგია.
ევროპარლამენტი მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას, რაც საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა, ასევე, გმობს ამ რეგიონების უკანონო “ბორდერიზაციას”; მკაცრად გმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ეთნიკური ჯგუფების დისკრიმინაციას, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების დარღვევას, უკანონო დაკავებებს, გატაცებებს და ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას;
გამოხატავს მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; მოუწოდებს, განაგრძოს ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის შეწყვეტისკენ”- ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.
6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, მასთან ერთად მყოფი ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
დოთიაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.