ევროპარლამენტმა რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა– ზელენსკის რეაქცია

ევროპარლამენტმა ოთხშაბათს, 23 ნოემბერს, რუსეთი ტერორიზმის  სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. პარლამენტმა მხარი დაუჭირა შესაბამის რეზოლუციას, წერს Reuters.

კენჭისყრა დღეს სტრასბურგში ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გაიმართა, რომელსაც არხი Espreso.TV პირდაპირ ეთერში გადასცემს. რეზოლუციას მხარი 494-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 58-მა მისცა ხმა, ხოლო 44-მა თავი შეიკავა.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ უკრაინაში დამპყრობლები ახორციელებენ „განურჩეველ თავდასხმებს საცხოვრებელ ადგილებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე“, რასაც ათასობით ადამიანი ემსხვერპლა. გარდა ამისა, მტერი მიმართავს სისასტიკეს – წამებას, სექსუალურ ძალადობას, სიკვდილით დასჯას და სასამართლო პროცესებს, გატაცებებს.

დოკუმენტის პროექტში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაცია არღვევს გაეროს წესდების პრინციპებს, ამის გამო მარიუპოლი თითქმის მთლიანად განადგურდა და წარმოიშვა ჰუმანიტარული კრიზისი.

ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული მიზანმიმართული თავდასხმები და სისასტიკე უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება და ადამიანის უფლებების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სხვა სერიოზული დარღვევები წარმოადგენს ტერორის აქტებს უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ და ომის დანაშაულებს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აღიარებს რუსეთს სახელმწიფოდ – ტერორიზმის სპონსორად და სახელმწიფოდ, რომელიც იყენებს ტერორიზმის საშუალებებს”, – ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით EP-მა მოუწოდა ევროკავშირს შეიმუშაოს საკანონმდებლო ბაზა ტერორიზმის სპონსორებად ქვეყნებისა და სახელმწიფოების იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც იყენებენ ტერორიზმის საშუალებებს, რაც გამოიწვევს მათ წინააღმდეგ რიგი შემზღუდავი ზომების შემოღებას.

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს და ევროპელ პარტნიორებს, აღიარონ რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის სპონსორად.

„ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შემდგომ შემცირებას და ყველა დონეზე მის ოფიციალურ პირებთან კონტაქტების აბსოლუტურ მინიმუმამდე შემცირებას; მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დახურონ და აკრძალონ რუსეთის სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორიცაა რუსული მეცნიერებისა და კულტურის ცენტრები, ისევე როგორც რუსული დიასპორების ორგანიზაციები და ასოციაციები, რომლებიც მოქმედებენ რუსეთის დიპლომატიური მისიების ეგიდით და ხელმძღვანელობით და ხელს უწყობენ რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდას მთელ მსოფლიოში“, – ნათქვამია დოკუმენტში.

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ტვიტერზე მიესალმა ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ.

„მივესალმები ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას, აღიაროს რუსეთი ტერორიზმის  სპონსორ  სახელმწიფოდ,  და სახელმწიფოდ, რომელიც იყენებს ტერორიზმის საშუალებებს“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი უნდა იყოს იზოლირებული ყველა დონეზე და პასუხისმგებლობა დაეკისროს, რათა ბოლო მოეღოს მის მრავალწლიან ტერორიზმის პოლიტიკას უკრაინასა და მსოფლიოში.