პარტია “ლელო საქართველოსთვის“ განცხადებას ავრცელებს ევროპარლამენტში გამართულ დებატებთან დაკავშირებით, სადაც საქართველოში მედიის თავისუფლება და ჟურნალისტთა უსაფრთხოება განიხილეს და საქართველოში არსებული ვითარება უმწვავესად შეაფასეს:
“ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულმა დებატებმა დაადასტურა, რომ მთავარი დაბრკოლება საქართველოს ევროპული მომავლისთვის არის ივანიშვილი და “ქართული ოცნება”.
ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ჩვენმა პარტნიორებმა ოლიგარქიული მმართველობა, ჟურნალისტების დევნა, სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, დემოკრატიის უკუსვლა და რეფორმების ჩაგდება მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად დაასახელეს.
დებატებმა ნათელი გახადა, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს ყავს უამრავი მხარდამჭერი ევროპული პარლამენტის ყველა პოლიტიკურ ჯგუფში.
ჩვენ დღეს, ევროპის უმაღლესი პოლიტიკური ტრიბუნიდან არაეთხელ გავიგეთ მოწოდება – ”მიანიჭეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი” – ევროპელი პოლიტიკოსების ეს აბსოლიტური მხარდაჭერა, მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის.
მაგრამ, “ქართული ოცნების” დესტრუქციულმა პოლიტიკამ შეუძლებელი გახადა, რომ მის მიმართ არ ისმოდეს უმწვავესი კრიტიკა, მათ შორის მათი პარტნიორი “სოციალისტების და დემოკრატების” პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებისგან.
დღევანდელი დებატების შემდეგ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ “ლელოს” შეთავაზება, რომ “ქართული ოცნება” დაუყოვნებლივ დაბრუნდეს 19 აპრილის “მიშელის შეთანხმებაში”, ხოლო საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური ბერკეტები ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად – და მათ შორის შეიწყალოს პოლიტიკური მოტივებით გასამართლებული ნიკა გვარამია, ეს ყველაფერი წარმოადგენს აუცილებელ პოზიტიურ გზავნილს ევროპელი პარტნიორებისადმი და ერთადერთ გონივრულ გზას ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანისა და ჩვენი ქვეყნის ისტორიული პერსპექტივის გადასარჩენად.–ნათქვამია ლელოს განცხადებაში.