ევროპელებმა რადიაციის საწინააღმდეგო აბების მასობრივად მომარაგება დაიწყეს

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში  სერიოზულად აღიქვეს რუსი სამხედროების მიერ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აღება და პუტინის განცხადება რუსეთის დაცვის ძალების განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის შესახებ, რასაც ქვეყნის სტრატეგიული ბირთვული არსენალიც განეკუთვნება.

როიტერის ცნობით, ჩეხეთის, ბულგარეთის და პოლონეთის მოსახლეობამ მასობრივად დაიწყო აფთიაქებში კალციუმის იოდინის და იოდის მაღალი შემცველობის სხვა პრეპარატების შესყიდვა, რომლებიც სხივური დაავადების პროფილაქტიკისთვის გამოიყენება რადიაციული დასხივების შემთხვევაში.

რადიოატიური იზოტოპი იოდი–131 ბირთვული საწვავის დაშლის ერთ–ერთი ყველაზე საშიში პროდუქტია, რადგან ფარისებურ ჯირკვალში დაგროვების თვისება აქვს. ეს რომ არ მოხდეს, რადიაციული გაჟონვისას გაჟონვის ტერიტორიაზე მყოფი ადამიანებისთვის რეკომენდირებულია ჩვეულებრივი იოდის დარტყმითი დოზის მიღება (სტაბილური იზოტოპი იოდ – 127).

როიტერის ცნობით, ბულგარეთში ბოლო კვირის განმავლობაში იოდის იმდენი პრეპარატები გაიყიდა, რამდენიც ნორმალურ ვითარებაში ერთი წლის მანძილზე იყიდება. პოლონეთის აფთიაქებში კი იმავე პერიოდში გაყიდვები ორ–სამჯერ გაიზარდა.

ბელგიის მაცხოვრებლებზე კალიუმის იოდიდი უკვე რამდენიმე წელია უფასოდ გაიცემა, ყოველი შემთხვევისთვის. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით მხოლოდ ორშაბათს, ქვეყნის აფთიაქებში მოქალაქეებზე პრეპარატის 30 ათასზე მეტი შეკვრა გაიცა.

იოდზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა აღინიშნება საფრანგეთშიც.