ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი ევროპელ და ამერიკელ პარლამენტარებთან ერთად ნიკა მელიას დაკავებასა და საქართველოში არსებულ სიტუაციაზე განცხადებას ავრცელებს.
მათი თქმით, განცხადების მიზანი საქართველოში ანტიდემოკრატიული ტენდენციების აღკვეთაა.
მას ხელს აწერენ: ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, ჩეხეთის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე პაველ ფიშერი, პოლონეთის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარეკ კუჩინსკი, ლატვიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რიჰარდს კოლსი, ამერიკელი სენატორი რობერტ მენენდესი, ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიკჰელსონი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნორბერტ როტგენი, გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ტომ ტუგენჰატი.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დასაკავებლად შეჭრამ გამოავლინა დემოკრატიისა და თავისუფლების სიმყიფე საქართველოში. ძალადობა შეუთავსებელია იმ მისწრაფებებთან, რაც საქართველოს მთავრობას აქვს გაცხადებული და ეწინააღმდეგება 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებას მთავრობასა და ოპოზიციას შორის, რომლის ფასილიტატორებიც ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩები იყვნენ.
მოვუწოდებთ ქართველებს, გაერთიანდნენ იმისთვის, რომ გამონახონ პოლიტიკური გამოსავალი იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც ჩვენ დავინახეთ ბოლო წლებში და არ მიმართონ სხვა ხალხის მიერ გამოყენებულ ტაქტიკას ქართველი ხალხის ინტერესების საზიანოდ.
დესტაბილიზაცია და ანტიდემოკრატიული ქმედებები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო და გრძელდება ბოლო დღეებამდე, ხაზს უსვამს ყველა პირის პასუხისმგებლობას, ვისაც აქვს ძალაუფლება, რათა გამოიჩინონ თავშეკავება და უარყოფითი შედეგები მოაქვს მთელი ერისთვის, მათთვისაც, ვინც არაფერ შუაშია. საქართველოს ადგილი, როგორც ევროპული ოჯახის თავისუფალი წევრისა, ეჭვის ქვეშ არ არის, თუმცა საფრთხის ქვეშაა ძალადობის და თავისუფლებაზე თავდასხმის გამო”,- ვკითხულობთ ევროპელი და ამერიკელი პარლამენტარების განცხადებაში.