2021 წლის 9 თებერვალს, იტალიაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეს უშუალო ჩართულობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, იტალიის რესპუბლიკის შსს-ს ცენტრალური ოპერატიული სამსახურის, იტალიის რესპუბლიკის შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის რეჯიო ემილიას სამხარეო პოლიციისა და ინტერპოლის თანამშრომლებმა, რამდენიმეთვიანი ინტენსიური ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოპერაცია „კანონიერი ქურდის“ ფარგლებში, გამოავლინეს და დააკავეს იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე – 23, პოლონეთში – 2, საბერძნეთში – 1, ბელგიაში 1 და სლოვენიაში – საქართველოს 1 მოქალაქე, რომლებიც იტალიის რესპუბლიკისა და ევროკავშირის ტერიტორიაზე აქტიურად სჩადიოდნენ დანაშაულებრივ ქმედებებს.
“გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ჩრდილოეთ იტალიაში ბინებს ქურდავდნენ, მოპარულ ნივთებს, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ადგილებზე აბარებდნენ, ნაქურდალი ნივთების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით კი იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგალური ბიზნესსაქმიანობის წამოწყებას ცდილობდნენ.
აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების გამო, იტალიის რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტმა საქართველოს მოქალაქეების მიმართ საქმე აღძრა იტალიის სისხლის სამართლის კოდექსის 416-ე, 624-ე და 648-ე მუხლებით, რაც გულისხმობს კრიმინალური დაჯგუფების ჩამოყალიბებას, ქურდობას, ასევე, ფულის გათეთრებას და მაქსიმალური სანქციის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 წლამდე ვადით”,- აცხადებს შსს.
უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეები, იტალიური საპოლიციო ძალებისათვის კვალის არევის მიზნით, აქტიურად იყენებდნენ გაყალბებულ მონაცემებსა და დოკუმენტაციას.
ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებებისა და საქართველოს შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აქტიური ჩართულობით მოხდა ყველა პიროვნების იდენტიფიცირება, რომლებიც ხსენებულ დანაშაულებში მონაწილეობდნენ.
გარდა ამისა, სამინისტროს გამცხადებით, 2021 წლის 9 თებერვალს, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშესა და სამინისტროს მიერ საფრანგეთის ეროვნულ პოლიციაში მივლენილი ქართველი მეკავშირე ოფიცრის უშუალო ჩართულობით, რამდენიმეთვიანი ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთობლივი ოპერაცია „BRATVA-35“ ჩატარდა.
“ოპერაციის ფარგლებში, საფრანგეთის რესპუბლიკის ქალაქებში: როშ-სურ-იონში, ნუარში, ანჟერში, ბორდოსა და რენში ქართული წარმოშობის „კანონიერი ქურდი“ – კ.ა. და საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს.
ფრანგი სამართალდამცველების მიერ დაკავებული პირები ორგანიზებული დაჯგუფების წევრები იყვნენ და საფრანგეთისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე აქტიურად ეწეოდნენ დანაშაულებრივ საქმიანობას. კერძოდ, მათ ბრალად ედებათ საფრანგეთის რესპუბლიკის სსკ-ის 131-ე, 132-ე, 311-ე, 321-ე, 450-ე მუხლებითა და საბაჟო კოდექსის 414-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები: ორგანიზებული ჯგუფის მიერ საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ობიექტებში ჩადენილი ქურდობის არაერთი ეპიზოდი, ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებაში მონაწილეობა, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა/გასაღება და კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობა, რაც მაქსიმალური სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 წლის ვადით და ჯარიმას 375 ათასი ევროს ოდენობით”,- წერია შსს-ს განცხადებაში.