„ევროპის წამლის სააგენტომ“ (EMA) ევროკავშირში 12-15 წლის ასაკის მოზარდებში Pfizer-ის გამოყენება დაამტკიცა. ამის შესახებ ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელი ორგანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„Comirnaty-ის გამოყენება 12 – დან 15 წლამდე ბავშვებში ისევე მოხდება, როგორც 16 და ზემოთ ასაკის ადამიანებში. იგი კეთდება მკლავის კუნთებში ორი ინექციის სახით, სამი კვირის ინტერვალით“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
ვაქცინის ეფექტურობა შემოწმდა 12-15 წლის ასაკის 2 260 მოზარდში. კვლევისას 1 005 მოზარდს ვაქცინა გაუკეთეს და მათგან არც ერთს ვირუსი არ გამოუვლინდა, რაც ვაქცინის 100%-იან ეფექტურობაზე მეტყველებს. ხოლო მათგან, ვინც პლაცებო მიიღო, ვირუსი 16 მოზარდს დაუდასტურდა.
რაც შეეხება გვერდით ეფექტებს, ამ ასაკობრივ ჯგუფშიც, ისევე, როგორც 16 წელს ზემოთ ადამიანებში, გამოხატულია ტკივილი ვაქცინაციის არეში, სისუსტე, თავის და კუნთების ტკივილი და სიცხე. ეს გვერდითი ეფექტები მსუბუქად ან საშუალო დონეზეა გამოვლენილი.
საბოლოოდ, ევროპის წამლების სააგენტომ დაასკვნა, რომ Pfizer-ის ვაქცინის სარგებელი ამ ასაკობრივ ჯგუფში აღემატება რისკებს.