ევროპოლი აცხადებს, რომ უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდის შესახებ მონაცემებს ფლობს

ევროპული პოლიციის სამმართველოს, ევროპოლის წარმომადგენელმა, იაპ ოპ გენ ოორტმა განაცხადა, რომ  ისინი ფლობენ მონაცემების უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდის შესახებ. ამის თაობაზე გერმანული გამოცემა შპიგელი წერს.

ევროპოლის წარმომადგენლის განცხადებით დაფიქსირდა შავ ბაზარზე ცეცხლსასროლი იარაღით და სამხედრო დანიშნულების საქონლით ვაჭრობის შემთხვევები.

ასევე, მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნების გამომძიებლებმა აღმოაჩინეს “მძიმე შეიარაღებით ვაჭრობობის ნიშნებიც“, თუმცა ის არ აკონკრეტებს, რომელ იარაღზეა საუბარი.

“არის რისკი, რომ იარაღი ორგანიზებულ დამნაშავეთა და ტერორისტთა ხელში მოხვდება“– თქვა ევროპოლის სპიკერმა.

მისი განცხადებით, შემჩნეულია, რომ უკრაინიდან გადიოდნენ ადამიანები ცეცხლსასროლი იარაღით. ასევე არსებობს წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ საზღვრის გასწვრივ იარაღი და საბრძოლო მასალები ევროკავშირში კონტრაბანდის მიზნით ინახება.

მანამდე ევროპოლის შეშფოთების შესახებ ინფორმაცია გერმანულმა მაუწყებელმა  SWR–მა გაავრცელა. არხმა მოიყვანა კონფიდენციალური წერილიდან ციტატა იმის შესახებ, რომ გამოძიების ინფორმაციით “დანაშაულებრივი ქსელები რეგიონში გააქტიურდნენ და ახორციელებენ ან გეგმავენ დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების კონტრაბანდას, მათ შორის სამხედრო იარაღის.“

12 ივლისს Financial Times–მა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც საუბარი იყო, რომ ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნები მოითხოვენ გაუმჯობესდეს უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის მეთვალყურეობის სისტემა იმის შიშით, რადგან არსებობს შიში, რომ იარაღი შეიძლება უკრაინიდან ევროპის შავ ბაზარზე მოხვდეს.