ევროპის ქალაქებში კულტურული ცხოვრება ბრუნდება. ტურისტებს კვლავ შეუძლიათ ათენის აკროპოლისის და რომის ფორუმის ნახვა. იუნესკოს მონაცემებით კორონავირუსის გამო მსოფლიოს მუზეუმების 95% – დაახლოებით 85 ათასი მუზეუმი იძულებული გახდა კარანტინის გამო რამდენიმე დღით მაინც დაკეტილიყო. თუმცა კარანტინის შემსუბუქების შემდეგაც დამთვალიერებლები მუზეუმებში მისვლას არ ჩქარობენ. მუზეუმები ჯერ თითქმის ცარიელია.
პორტუგალიაში გალერეების უმრავლესობა 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს ამუშავდა, თუმცა არა მთელი ძალით. ჯერჯეობით ექსკურსიები დაშვებული არ არის, ისევე როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ჩატარება.
ვენის, პარიზის, ამსტერდამის უმსხვილესი მუზეუმები ზარალს ითვლიან. მათი შემოსავლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 80%–ით შემცირდა.
მუზეუმების ნაწილი დაფინანსებას ბიუჯეტიდან იღებს, თუმცა მათთვის ბილეთებს გაყიდვით და ვიზიტორებისთვის სხვადასხვა სერვისების შეთაზებით მიღებული შემოსავალი უმნიშვნელოვანესია. ისინი წლევანდელ წელს უიმედოდ უყურებენ და უჭირთ პროგნოზირება, როდის დასტაბილურდება შემოსავლები. უმძიმესი ფინანსური დარტყმა ბევრისთვის ყოფნა–არყოფნის საკითხიც შეიძლება აღმოჩნდეს.
იუნესკო გვაფრთხილებს, რომ შესაძლოა კარანტინის შემდეგ მთელ მსოფლიოში მუზეუმების 13% უბრალოდ ვეღარასოდეს გაიხსნას.