რესპუბლიკური პარიტის ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის თქმით, ევროპული საქართველო მაჟორიტარებზე შეთანხმების მონახაზით კმაყოფილია, ბოკერიასა და ბაქრაძის დღევანდელი ბრიფინგი კი უბრალოდ თავის გადაზღვევა იყო.
“როგორც ნაციონალური მოძრაობა, ისე ევროპული საქართველო ფრიად კმაყოფილია საკუთარი ინტერესების დაცვით შეთანხმების დრაფტში (მონახაზში). ამიტომ რამ გამოიწვია ევროპული საქართველოს ბრიფინგი – მემგონი თავი გადაიზღვიეს. ერთგვარად მიდევნებული ლამპარის ფუნქციაც ჰქონდა და ამით მათ როგორც ჩანს გაამყარეს იმის ალბათობა, რომელიც 99% იყო, ჩათვალეს, რომ ახლა არის 99.001%”,- ამბობს ბერძენიშვილი.
რესპუბლიკელების ლიდერმა ასევე აღნიშნა, ის უფრო ენდობა თითოეულ ამ პარტიას, ვიდრე ერთმანეთს ენდობიან ენმ და ევროპული საქართველო.
ცნობისთვის, ევროპული საქართველო ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდებს, შეთანხმების ერთგულები დარჩნენ. გიგა ბოკერიას იმედი აქვს, რომ ენმ-ს წევრებისა და მათთან დაკავშირებული პირების განცხადებები შეთანხმების ჩაშლის მომზადება არ არის.
დავით ბაქრაძის თქმით, პირველ ტურში საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმება ოპოზიციის გამარჯვებისთვის საკვანძო ელემენტია.
გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მაჟორიტარებზე შეთანხმება მნიშვნელოვანია, ამიტომ თუ შეთანხმება ვერ ხდება, პარტიებმა საჯაროდ უნდა ახსნან, რატომ ვერ ხდება და რა შეიცვალა.
ლეიბორისტების ლიდერის, შალვა ნათელაშვილის პოზიციაა, რომ პირველ ტურში 30 მაჟორიტარული ოლქი ოპოზიციური პარტიების განსაკუთრებულ ერთიანობასა და ყურადღებას მოითხოვს.