ევროპული საქართველო” მთავრობას მიმართავს, დროულად მიიღონ გადაწყვეტილება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმატისა და ვადების შესახებ.
პარტიის წევრის, სერგო რატიანის თქმით, არსებული გაურკვევლობა ხელოვნურად ძაბავს და ართულებს აბიტურიენტების მდგომარეობას.
რატიანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა დრო ამოიწურა, სამინისტროს გადაწყვეტილება საქართველოს აბიტურიენტებისათვის კვლავ უცნობია.
ევროპული საქართველო მთავრობას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაციებს სთავაზობს.
,,მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ივლისში ეპიდემიის გავრცელების შემთხვევები შემცირებული იყოს, მაღალი ალბათობით, ის გამქრალი არ იქნება. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩვეული ფორმით ჩატარებამ – ოთხ გამოცდაზე მისვლამ (ფაქტობრივად მთელი ივლისის განმავლობაში გრძელდება საგამოცდო პროცესი) და საგამოცდო ცენტრებში დიდი რაოდენობით აბიტურიენტის შეკრებამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქნას ახალგაზრდებისა და პროცესში ჩართული სხვა ადამიანების ჯანმრთელობას.
ვფიქრობთ, აუცილებელია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნის გამოცდის შემცირება. მიზანშეწონილად მიგვაჩნია განვიხილოთ ერთი სავალდებულო კომბინირებული ტესტით მისაღები გამოცდების ჩატარების ვარიანტი – ერთ სასესიო დროში კომბინირებული პროგრამის შინაარსით ყველა სავალდებულო საგნის გაერთიანება, ვგულისხმობთ მიმართულებების მიხედვით მინიმუმ 3 საგნობრივი ჯგუფის პროგრამის შინაარსის გაერთიანებას, რაც შეეხება, მეოთხე გამოცდას – მოცემულობის მიხედვით, რადგან დარეგისტრირებულთა რაოდენობა არც თუ ისე ბევრია, მათი საგამოცდო სივრცეში განთავსება, უსაფრთხოების კუთხით, მარტივად გადაწყდება”, – აცხადებს რატიანი.
მისივე თქმით, სკოლებში საგამოცდო ცენტრები უნდა ჩამოყალიბდეს. პარტიის მოდელის მიხედვით, აბიტურიენტები საგამოცდო ოთახებში ინდივიდუალურად უნდა განთავსდნენ და სივრცეს მონიტორინგი ვიდეოთვალის საშუალებით უნდა გაუწიონ.