“ევროპული საქართველო” პარლამენტში არ შევა – პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება

“ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში არ შევლენ.

“თითქმის ერთსულოვნად პარტიის პოზიცია არის, რომ ევროპულმა საქართველომ ამ პოლიტიკურად არალეგიტიმურ პარლამენტში არ უნდა მიიღოს მონაწილეობა. პოლიტიკურად ევროპული საქართველო იმ 2 მანდატს, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, არ გამოიყენებს”,- თქვა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ტარიელ ნაკაიძეს ჰქონდა სურვილი, ევროპული საქართველოს სახელით პარლამენტში შესულიყო, ამიტომ მათი გზები გაიყო.

“ჩვენ რახან პარტიულად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში არ მივიღებთ მონაწილეობას, ჩვენი პოლიტიკური გზები ამ მომენტში გაიყო და ის არ წარმოადგენს ევროპულ საქართველოს. ეს მისი გადაწყვეტილებაა”,- აღნიშნა ბოკერიამ.