,,ევროპული საქართველოს” ლიდერი, დავით ბაქრაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ მისი პარტია 350 გაჭირვებულ ოჯახს ზედმეტი პიარისა და საჯაროობის გარეშე უკვე სამი კვირაა ეხმარება.
ბაქრაძის თქმით, ამ პროექტში ჩართულები არიან მოხალისეები და თანხებს ევროპული საქართველოს დეპუტატები საკუთარი ხელფასებიდან იღებენ. ის აღნიშნავს, რომ ამ პროგრამის საფასური კვირაში 10-12 ათასი ლარია.
,,ამას ვაკეთებდით და მომავალშიც გავაკეთებთ ზედმეტი პიარის და საჯაროობის გარეშე. ამიტომ, ჩვენთვის აბსოლუტურად ნათელი და მკაფიოა, რომ სოციალური სოლიდარობა, ქველმოქმედება და გვერდით დგომა საჭიროებს კონკრეტულ პროგრამებს და კონკრეტულ ნაბიჯებს, ასეთ ნაბიჯებს ევროპული საქართველო დგამდა და მომავალშიც კრიზისის ამოწურვამდე დავეხმარებით ამ ოჯახებს ჩვენი სახსრებით. პარლამენტის წევრებიც დავდივართ მოხალისეებად ოჯახებში,” – განაცხადა ბაქრაძემ.
დღეს ,,ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ უმრავლესობის დეპუტატები და მინისტრები სამი თვის ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან საბრძოლო ფონდში ჩარიცხავენ. მთლიანობაში, 105 თანამდებობის პირი გაიღებს თანხას.