ევროპული ქვეყნები კარანტინის შემდეგ ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან

ევროპული ქვეყნები ერთმანეთის მიყოლებით აცხადებენ ნაციონალური გეგმების შესახებ კარანტინის შემდეგ ნორმალურ ცხოვრებასთან დასაბრუნებლად. ძირითადი ამოცანა პანდემიის ეკონომიკური შედეგების შემცირება და დაინფიცირების მეორე ტალღის თავიდან აცილებაა.
თავდაცვა, ტესტები, იზოლაცია – ეს არის მთავარი, რისკენაც ევროპული ქვეყნების მეთაურები მოსახლეობას მოუწოდებენ. საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა, ედუარდ ფილიპმა 11 მაისიდან ქვეყანაში შემზღუდავი ზომების თანდათანობით მოხსნა გამოაცხადა. ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს დამცავი ნიღბებით ყველა მოქალაქე მოამარაგოს და ყოველკვირეულად მინიმუმ 700 000 ტესტი ჩაატაროს.

კარანტინის შემსუბუქების გეგმა წარმოადგინა ესპანეთის მთავრობამაც. სიკვდილიანობისა და ახალ ინფიცირებულთა მაჩვენებლის შემცირების ტენდენცია აქ უკვე რამდენიმე დღეა ნარჩუნდება.
“თუ ასე გაგრძელდება, კარანტინიდან გამოსვლის პროცესი ესპანეთის ტერიტორიაზე რვა კვირას დაიკავებს. ივნისის ბოლოსთვის ნორმალურ მდგომარეობას დავუბრუნდებით, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ახალი რეალობა იქნება“ – ამბობს ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩესი.
ესპანეთის გეგმა ოთხ ფაზას გულისხმობს. თანდათანობით ამუშავდება რესტორნები და ეკლესიები. ესპანელები შეძლებენ ქალაქებში თავისუფლად ისეირნონ და კულტურულ ცხოვრებას დაუბრუნდნენ.

ამასობაში პორტუგალიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა აღარ გააგრძელოს საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში 2 მაისამდეა გამოცხადებული.

“ჩვენ გადავდივართ კორონავირუსთან ბრძოლის მესამე ფაზაში –ეს არის სიტუაციის განვითარებაზე კონტროლის ფაზა. ის არ ნიშნავს ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნებას და სტაბილურობას. ჩვენ სიტუაციას დავაკვირდებით: აღდგენა, გახსნა – ეს ტერმინები ეტაპობრივად გამოიყენება, ჩვენ პატარა ნაბიჯებით წავალთ წინ“– განაცხადა რესპუბლიკის პრეზიდენტმა, მარსელუ რებელუ დი სოუზამ.

საბერძნეთში 4 მაისიდან საცალო ვაჭრობის მაღაზიები ამუშავდება. მოქალაქეები შეძლებენ საკუთარი საცხოვრებელი რეგიონის ფარგლებში გადაადგილდნენ.

ევროპული ქვეყნები მეზობლების გამოცდილებას აკვირდებიან, რომლებმა შემზღუდავი ზომების გაუქმება სხვებზე ადრე დაიწყეს. ერთი კვირის წინ გერმანიაში პატარა მაღაზიები გაიხსნა. სამშაბათს ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაავადების დონის ზრდის შესახებ განაცხადა.