BBC-ის გამოძიების შედეგები აჩვენებს იმას, რასაც ჩვენ ყველანი ჩვენი სხეულებით ისედაც ვგრძნობდით.

ქართული ოცნების ხელისუფლებამ უბრალოდ გაწირა ათიათასობით ადამიანი და ახალგაზრდა უმძიმესი დაზიანებისთვის და როგორც BBC-ის გამოძიება აჩვენებს, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი გამოიყენეს. მთელი რიგი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ეს ქიმიური ნივთიერება ე.წ. კამიტი იყო.

კამიტი​​ საფრანგეთმა პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. ის შემდგომში სხვა მიზნითაც გამოიყენებდა და 1930-იან წლებში მოხმარებიდან ამოიღეს, ვინაიდან მისი მოქმედების ხანგრძლივი ეფექტი შემაშფოთებელი იყო.

ვინ მისცემდა ამ საშუალების გამოყენების შთაგონებას ქართულ ოცნებას, თუ არა ჩაჟანგებული და დამპალი ავტორიტარული რეჟიმები ჩვენს მეზობლად?!

ეს დოკუმენტური გამოძიება გახდება ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის საქმეებზე. მხოლოდ ჩვენს ერთ ორგანიზაციას 50-ზე მეტი საქმე მიაქვს სტრასბურგის სასამართლოში პროტესტთან, წამებასთან და ძალადობასთან დაკავშირებით. სწორედ ევროპულ სასამართლოში მოუწევს თავის მართლება ქართულ ოცნებას და მათ შორის, საპირისპიროს დამტკიცება გამოყენებული ქიმიური იარაღის ბუნებაზე, და ვნახოთ ამას როგორ გააკეთებს.

მართლმსაჯულება აუცილებლად აღსრულდება ყველა წამებულისა და ძალადობაგამოვლილი ადამიანის სასარგებლოდ. ის შეიძლება გვიან დადგეს, მაგრამ აუცილებლად დადგება.

წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში.