ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მოუწოდებს, „სრულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისას ყველა საარჩევნო გადაცდომაზე ბრალდებები. ასამბლეა ასევე მოუწოდებს „ყველა პოლიტიკურ პარტიას, დაიკაონ მათ მიერ ახალ პარლამენტში მოპოვებული ადგილები და ძირი არ გამოუთხარონ მის დემოკრატიულ ფუნქციონირებას“. ამის შესახებ საუბარია ასამბლეის 2020 წლის მონიტორინგის ანგარიშში, რომელიც ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებლებმა აღნიშნეს, ეს დარღვევები არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ იქონიებდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა განცხადება გადაცდომის შესახებ სრულად იყოს გამოძიებული და დამტკიცების შემთხვევაში დამნაშავეებმა პასუხი აგონ.
სამწუხაროდ, ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ არჩევნები ფართოდ გაყალბდა, განაცხადეს, რომ ისინი ბოიკოტს დამოუცხადებდნენ მეორე ტურს და ახალ პარლამენტს. ეს განსაკუთრებით სამწუხაროა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ არჩევნებში ოპოზიციური პარტიების შედეგები მათ ძლიერ პოზიციას მისცემდა საპარლამენტო ზედამხედველობის განსახორციელებლად. პარლამენტი არის პოლიტიკისა და დებატების ადგილი, ამიტომ ასამბლეა მუდმივად ეწინააღმდეგება საპარლამენტო ბოიკოტებს. ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებენ, შეასრულონ საკუთარი საპარლამენტო მანდატები“, – წერია ანგარიშში.
„ვითარება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით კვლავ უარესდება, რადგან რუსეთის ფედერაციის მიერ ამ რეგიონების მცოცავი ანექსია განუწყვეტლივ მიმდინარეობს, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. შედეგად, ქართველებს შორის კონტაქტები ამ ორ რეგიონში და მის გარეთ პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. ამას მძიმე ჰუმანიტარული შედეგები მოაქვს, რადგან სულ უფრო რთულდება ამ ორ რეგიონში მცხოვრებთათვის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა სასკოლო ან (გადაუდებელი) სამედიცინო მიზეზების გამო“, – ნათქვამია ანგარიშში, რომელიც 11 იანვრით არის დათარიღებული.