“ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მის მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის – სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა”- ამის შესახებ, პოლიტიკოსი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.
“ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ ჩემს მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის – სამართლიანი სასამართლოს უფლება – დარღვევა დაადგინა. დაადგინა მოსამართლე თადუმაძის მიმართ ინტერესთა კონფლიქტი, როცა ის ჩემ საქმეზე პროკურორიც იყო და მოსამართლეც.
შეგახსენებთ 2020-ში, პოლიტიკური კრიზისის დროს, თადუმაძის ხელმძღვანელობით, უზენესმა სასამართლომ შეცვალა წინა ინსტანციების გადაწყვეტილება და დამაკავა. მწვავე საერთაშორისო პროტესტის შემდეგ პრეზიდენტი ზურაბიშვილი იძულებული გახდა შევეწყალებინე.
ეს ჩემი მეორე სარჩელია. პირველიც მოვიგე, რომელიც ჩემს 2014-ში დაკავებას ეხებოდა. ასე რომ სამართალი ურმით დადის, მაგრამ ადრესატამდე მაინც მიდის. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა სამწუხაროდ ოლიგარქის შაპიტოა”, – წერს უგულავა.