ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უარის წერილი გაუგზავნა საპარლამენტო ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატებს”, რომელმაც მინისტრი კომიტეტის სხდომაზე დაიბარა. წერილში მინისტრი აცხადებს, რომ კომიტეტის სხდომაზე ვერ მივა და მისი ვიზიტის გადადებას ივნისის ბოლო კვირამდე ითხოვს.
“სამინისტრო, ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას კომიტეტს გააცნოს პროგნოზირების სხვა ინსტრუმენტები, გარდა იმისა, რაც უკვე იქნა გაზიარებული ანგარიშის ფარგლებში. აქვე მოგახსენებთ, რომ სამინისტრო სრულად იზიარებს საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში ფასწარმოქმნის მექანიზმების დახვეწის აუცილებლობას და მზად არის განაახლოს ტარიფიკაციის პროცესზე მუშაობა პრიორიტეტული სერვისებისთვის.
ამ პირობებში, გეგმიურ ჩარევებზე შემცირებული მოთხოვნის და გლობალურად სამედიცინო მარაგების მოწოდების პროცესის სირთულეების გათვალისწინებით, 2019 წლის 5 ნოემბრის N520 დადგენილების შუალედური შედეგების შეფასება ვალიდურად ვერ ჩაითვლება. საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით ჰოსპიტალური სერვისების ტარიფების დადგენის სამუშაო პროცესი განახლდა მაისის ბოლოს და მიმდინარე თვე დაეთმობა 520-ე დადგენილების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით დამატებითი მექანიზმების სრულად ამოქმედებას,”- ნათქვამია მინისტრის წერილში.
პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს ხვალისთვის ელოდებოდნენ. მინისტრს ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე შემდეგ საკითხებზე უნდა ესაუბრა:
- 2020 წლის 22 მაისს საგანგებო მდგომარეობის და შეზღუდვების მოსალოდნელი მოხსნიდან გამომდინარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ არის თუ არა შემუშავებული Covid-19-ის ეპიდსიტუაციის პროგნოზის სცენარები.
- აღნიშნული შეზღუდვების მოხსნასთან მიმართებაში ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სექტორების მზაობა Covid 19-ის ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით (კონკრეტული პარამეტრებით გამოხატული, მაგ: ინფიცირებულთა მიღების, ინფექციის შიდა კონტროლის მექანიზმების მუშაობის, სამედიცინო პერსონალის დამცავი საშუალებებით აღჭურვისა და სხვა საკვანძო საკითხების მიხედვით).
- მაჩვენებლები, რომლის დროსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ხელახლა გასცემს რეკომენდაციას საგანგებო მდგომარეობისა და საკარანტინე პორობების შემოღებასთან დაკავშირებით.
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკების გათავისუფლება.
- საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბერის №520 დადგენილების საფუძველი და არსებული თუ მოსალოდნელი შედეგები.(საქმე ეხება სოციალური მუშაკების სამსახურიდან გათავისუფლებას).