ყველამ რომ დაარღვიოს წესი, ეკლესიამ არასოდეს უნდა დაუშვას იმ კანონის დარღვევა, მოყვასის სიცოცხლეს რომ იცავს,-ამის შესახებ დეკანოზი თამაზ ლომიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს. როგორც დეკანოზი აღნიშნავს, დღეს ეკლესიისგან ერთადერთი და საუკეთესო ლოცვა-კურთხევა იქნებოდა, დაკეტილ ტაძრებში სამღვდელოების მარტო, მრევლის გარეშე ღვთისმსახურება, ხოლო მრევლისთვის სახლში ლოცვა და უსაფრთხოდ დარჩენა.
დეკანოზი ეხმაურება ზოგიერთი სასულიერო პირის განცხადებასაც, რომელთა თქმითაც, თუკი შეზღუდვები სასურსათო მაღაზიებს არ უწესდება, გაუგებარია, ტაძრებს რატომ უნდა დაუწესდეს. მისი შეფასებით, სამღვდელოებას არაფერი ეკითხება, რას აკეთებს სურსათის მაღაზიები.
„ბავშვობისას რამეს რომ დავაშავებდით, შემდეგ სამართლიანად რომ მიგვითითებდა ან დაგვსჯიდა ხოლმე მშობელი და ჩვენ კი მოვყვებოდით ბუზღუნს და-ძმაზე: ისიც ხომ აშავებს, იმას რატომ არ სჯიო და რომ გვიპასუხებდნენ ხოლმე: ის თუ აშავებს, არ ნიშნავს, რომ შენც უნდა დააშავო, ის თავისას მიიღებს, შენ შენს საქციელს მიხედეო, ხომ გახსოვთ ეგ დიალოგი? აი, სამწუხაროდ მაგ ასაკში და აზროვნებაში გაჭედილი ზრდასრულები გვყავს ჩვენს ეკლესიაში, რომელთაც უკვე ადამიანების სიცოცხლე აბარიათ, პასუხისმგებლები არიან ქრისტეს სამწყსოზე და იგივე ბავშვური ტექსტებით ბუზღუნებენ. მაშინ, როცა საავადმყოფოებში უჰაერობით იღუპებიან ადამიანები და ექიმები ლამის ტირილით გვთხოვენ, არსად და არავითარ შემთხვევაში არ შევიკრიბოთ, გამოდიან მღვდელმთავრები და მღვდლები და პატარა ბავშვების ტექსტებით ლაპარაკობენ საჯაროდ: მარტო ჩვენ რატომ უნდა „დავისაჯოთ”, სუპერმარკეტებს რატომ არ ”სჯითო”. არ გრცხვენიათ, რაზე საუბრობთ საერთოდ? რაში გეკითხებათ თქვენ, რას აკეთებს „კარფური“ და „გუდვილი“? ყველამ რომ დაარღვიოს წესი, ეკლესიამ არასოდეს უნდა დაუშვას იმ კანონის დარღვევა, მოყვასის სიცოცხლეს რომ იცავს. ყველაზე მეტად გულდასაწყვეტია ეს გამოუყენებელი და გაფუჭებული შესაძლებლობა, როცა აშკარად იცი, რომ საუკეთესო და შენი ხალხისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი გადაწყვეტილების მიღების ბრწყინვალე შანსი უკვე მერამდენედ დაკარგა შენმა ეკლესიამ. მე მწამს, რომ დღეს ეკლესიისგან ერთადერთი და საუკეთესო ბრძანება თუ ლოცვა-კურთხევა იქნებოდა: დაკეტილ ტაძრებში სამღვდელოების მარტო, მრევლის გარეშე ღვთისმსახურება, ხოლო ეკლესიის მრევლისთვის სახლში ლოცვა და უსაფრთხოდ დარჩენა. სულერთია, რა დღესასწაულია და ასევე სულერთია, ვინ რას აშავებს. ეკლესიამ არასოდეს უნდა დაარღვიოს ადამიანზე ზრუნვის ღვთაებრივი კანონი. ვწუხვარ ძალიან ღრმად და გულწრფელად. ღმერთმა დაიფაროს საქართველო“,-წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი თამაზ ლომიძე.