ეკლესიის სახელით ჩადენილი ქმედება არაქრისტიანულია – საპატრიარქო ძალადობის ვიდეოზე

“ეს ფაქტი ყოველგვარ ზნეობრივ თუ ეთიკურ საზღვრებს სცილდება და მიუღებელია როგორც ქრისტიანული, ისე მორალური და ადამიანური თვალსაზრისით, მით უმეტეს, რომ ვიდეომასალაში ადამიანები საბერო შესამოსლით არიან წარმოდგენილნი”. – საპატრიარქო სასულიერო პირის ძალადობის ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“დეტალების დაზუსტების მიზნით ამჟამად მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია შესაბამის ეპარქიასთან, რის შემდეგაც საზოგადოებას ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით ამ უზნეო და ყოვლადმიუღებელი ფაქტის შესახებ.

ამასთან, კიდევ ერთხელ გარკვევით და ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნავთ, რომ ეკლესიის სახელით ჩადენილი ასეთი ქმედებები აბსოლუტურად მიუღებელი, არაქრისტიანული და ამორალურია, უზნეობის გამოსწორების ნაცვლად ის აზარალებს და ბღალავს ეკლესიის სახელსა და სიწმინდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ძალადობს ერთი სასულიერი პირი მეორეზე. მოძალადე სასულიერო პირი მეორეს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს და რამდენჯერმე ეკითხება, რატომ ჩაიცვა ანაფორა. გარდა ამისა, მოძალადემ იცის, რომ ვიდეოს იღებენ და გადამღებს ეუბნება – “არ გათიშო, გადაიღე”.