გენერალურ პროკურატურაში „ქართუ ჯგუფის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ელდარ გოგოლაძე გამოკითხვაზე დაიბარეს. ის საგამოძიებო უწყებაში დღეს, 12 საათზე მივა.
ელდარ გოგოლაძე 90-იან წლებში აშშ-ს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლის ფრედი ვუდროფის მკვლელობის საქმეზეა დაბარებული. როგორც ის აცხადებს, აღნიშნული გამოკითხვის მიზანი მისი დისკრედიტაცია და დაშინებაა.
გოგოლაძის თქმით, ნიკა გვარამიასთან მიცემული ინტერვიუს შემდეგ, ივანიშვილის ნებაზე რომ იყოს, ფიზიკურ განადგურებაზეც არ დაიხევდა უკან.
“ნიკა გვარამია დაიბარეს, იქ ოქრუაშვილს ეძახიან, კიდე ვიღაცას დაიბარებენ, კიდევ მე დამიბარებენ, ანუ ვინც ჩაგვთვალეს ჩვენ რეჟიმის ან ივანიშვილის პირად მტრებად, მიდის ზეწოლა და იქიდან იქნება ზეწოლა უზარმაზარი, იქიდან წამოვა დაკვეთა, დისკრედიტაცია ჩასვით ციხეში, უმაღლესი ზომა რომ იყოს – დახვრიტეთ, თუ მას არ გააჩერებენ… მაგრამ არამგონია მას ვინმე ყავდეს გარემოცვაში ისეთი ვისაც ენდობა, ერთ დროს ჩემს რჩევებს ითვალისწინებდა და შემიჩერებია არასასურველი ნაბიჯების გადადგმისაგან, თორემ მის ნებაზე, რომ იყოს, ფიზიკურ განადგურებაზე არ დაიხევს უკან, არათუ ციხეში ჩასმაზე. ეს ბანდიტური რუსული 90–იანი წლების სკოლაა, დისკრედიატაცია დაშინება”,– ამბობს ის მთავართან.
გოგოლაძე აღნიშნავს, რომ საქმეზე, რომელზეც ის დაიბარეს, გამოძიება დამთავრებლია და უზენაესმა სასამართლომ დამნაშავე პირი უკვე გაასამართლა.