„ალეკო ელისაშვილის დაკავების და დაპატიმრებისთანავე აკრძალული აქვს ოჯახის წევრებთან სატელეფონო კომუნიკაცია, შეხვედრა, მათ შორის ადვოკატებთან სატელეფონო კომუნიკაცია იმ დასაბუთებით, რომ ზემოქმედება არ მოახდინოს საქმის მოწმეებზე, რომლებიც არიან სასამართლოს მანდატურის თანამშრომლები. რამდენად არალოგიკურია, სასამართლოს მანდატურის თანამშრომლებზე ზემოქმედების აკრძალვის მიზნით, აკრძალული გქონდეს ოჯახის წევრებთან და ადვოკატებთან სატელეფონო კომუნიკაცია.
ეს ჩვენს სამართლებრივ პრაქტიკაში ერთადერთი საქმეა, რომელიც მიმდინარეობდა ქონების დაზიანების მცდელობის ბრალდებით 2 დღის განმავლობაში, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის მოწოდებების შემდეგ, რომ ეს იყო არა ქონების დაზიანება, არამედ ტერორისტული აქტი, ქმედება გადაკვალიფიცირდა, გამოძიება გაგრძელდა ტერაქტის მცდელობის მუხლით.
ეს ერთ-ერთი არალოგიკური განვითარებაა. ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ სახელმწიფოს და დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითადი პრინციპია ადამიანის უფლებების დაცვა, მოვუწოდებთ შესაბამის თანამდებობის პირებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და სამართალდამცავებს, ადეკვატური კვალიფიკაციით გაგრძელდეს გამოძიება და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცეს 29 ნოემბერს მომხდარ შემთხვევას, შეწყდეს ოპოზიციონერი ლიდერის უფლებების განგრძობადი დარღვევა, მისი დემონიზაციის კამპანია. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო გაღრმავდება აღქმა, კითხვები და ერთადერთი პასუხი ამ კითხვებზე იქნება ის, რომ ის არის სუს-ის ხელმძღვანელის პირადი შურისძიების ობიექტი, არის პოლიტიკური საქმიანობის გამო დევნის მსხვერპლი. მის მიმართ გამოტანილი რუსული განაჩენის ფაქტობრივი აღსრულების მსხვერპლი“,














