ელისაშვილი გოგი წულაიაზე: არასერიოზულია ყველას პოლიტპატიმრად გამოცხადება

პარტია მოქალაქეები არ უერთდება ოპოზიციის მხარდამჭერ განცხადებას გოგი წულაიას მიმართ.

ალეკო ელისაშვილი თქმით, მოთხოვნა უადგილო და არასერიოზულია, რადგან არ შეიძლება ყველას პოლიტპატიმრად გამოცხადება.

„ცოტა არ იყოს უადგილოა ეს მოთხოვნა იმიტომ, რომ ჯერ სასამართლომ უნდა დაამტკიცოს, მაგრამ ძალიან მძიმე ბრალი აქვს ამ კაცს და ყველას პოლიტპატიმრად გამოცხადება ცოტა არ იყოს, არასერიოზულია. სასამართლოს გადაწყვეტილება აქვს მისაღები, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა არ მინდა, მაგრამ უხერხული და არასერიოზულია, რომ ყველას დავარქვათ პოლიტიკური პატიმარი. მიუხედავად იმისა, რომ გოგი წულაიას პირადად ვიცნობ, პატივს ვცემ, მაგრამ მძიმე ბრალდებაში ჯერ თავი გაიმართლოს.

არ მინდა ოპოზიციაში ვინმე ფიქრობდეს, რომ ოპოზიციას შეუძლია სასამართლოს ფუნქციებიც აიღოს თავის თავზე, კი ბატონო, ნდობა დაბალია სასამართლოს მიმართ, მაგრამ სასამართლოს განსახილველია ეს და მე პირადად პოლიტიკურ ნიშნებს გარდა იმისა, რომ ზოგადად, გოგი წულაია პოლიტიკურად აქტიური ადამიანი იყო, ვერანაირს ვერ ვხედავ“, – აცხადებს ელისაშვილი.

დღეს პარტიებმა საერთო განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბერა ივანიშვილის ჩანაწერების გამოქვეყნებიდან უკვე 1 თვე გავიდა, თუმცა ამ ყველაფრით პროკურატურა არ დაინტერესებულა.

მათი თქმით, ავტომატურად ეჭვქვეშ არ აყენებენ წულაიას მიმართ ბრალდებებს, თუმცა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება შერჩევით სამართალზე მიუთითებს.