პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, რომელიც პარლამენტში ოპოზიციიდან ერთ–ერთი პირველი შევიდა, ამბობს, რომ უნდა ახლა შეთანხმებაზე ხელმომწერ პარტიებს “ზემოდან უყუროს” და “ძაან მწარედ მოექცეს”, თუმცა, მისი თქმით, ამას არ გააკეთებს.
“მეც და ლევან იოსელიანსაც – პარტია “მოქალაქეებს” შეგვიძლია და უფლება გვაქვს ყველანაირი, რომ ახლა რომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, იმ ხალხს ნიშნის მოგებითაც ველაპარაკოთ და ზემოდანაც ვუყუროთ, მაგრამ ასე არ მოვიქცევით. სიმართლე გითხრათ, ერთი სული მაქვს, რაღაც–რაღაცები ვუთხრა კიდეც, თვალებშიც ჩავხედო და ძაან მწარედაც მოვექცე, ჩემი ერთი ნაწილი ამას მთხოვს, მაგრამ მეორე ნაწილი მეუბნება, რომ თუ სხვას მოუწოდებ, რომ კომპრომისებზე წავიდეს, მომავალზე ვიფიქროთ, ხალხზე და გაჭირვებაზე, მაშინ პირველ რიგში ჩემ თავს მოვუწოდებ”,– აცხადებს ელისაშვილი ტვ პირველის ეთერში.
ის ასევე აღნიშნავს, რომ არიან ოპოზიციაში ადამიანები, რომლებსაც გამარჯობას დღემდე არ ეუბნება, თუმცა მისი შეფასებით, ეს კარგი პოლიტიკოსობა არ არის.
მისივე განმარტებით, მისი პარტია და გირჩი ოპოზიციას თავიდანვე ეუბნებოდნენ, რომ რიგგარეშე არჩევნების საკითხი თვითმმართველობას მიბმოდა, ახლა კი ოპოზიცია იმავეს დათანხმდა.