ელისაშვილი კი არა, დიმიტრი გელოვანი ვერ შეცვლის ამომრჩეველთა განწყობას, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები რუსული სპეცოპერაციაა – ლევან სანიკიძე

“ალეკო ელისაშვილი კი არა, დიმიტრი გელოვანი ვერ შეცვლის ამომრჩეველთა განწყობას, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები რუსული სპეცოპერაციაა და ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემას ემსახურება” – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ „გორბის“ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ლელო“ და გახარია ამბობდნენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში არ შევიდოდნენ, ხშირად ჩვენზე უფრო მძიმე რიტორიკა ჰქონდათ „ლელოს“ წარმომადგენლებს, ამბობდნენ, რომ ეს ბრძოლის ღალატი იქნებოდა, ასევე ამბობდნენ, რომ ვინც პარლამენტში დარჩა პუტინის თამაშს თამაშობს, თუმცა ყველაფერი გადათქვეს. ამბობდნენ, რომ ლეღვის ფოთოლი იქნებოდა, ვინ ამ პირობით შევა [არჩევნებში]. რას ამბობდნენ და რას არ ამბობდნენ, ნეიტრალურ კანდიდატს დააყენებენ თუ პარტიულს, მეასე ხარისხოვანია. რაც შეეხება ალეკოს, მე არ მგონია, რომ ქვეყანაში ვინმე დადიოდეს, არა თუ ალეკო ელისაშვილი, რომელიც იმ საზოგადოებრივ განწყობას შეცვლის, რომელიც პროდასავლურ ამომრჩევლებში არსებობს. როცა 70%-ზე მეტი ამბობს, რომ აპრიორი ეს არჩევნებში რუსული სპეცოპერაციაა და ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემას ემსახურება, ალეკო ელისაშვილი კი არა, დიმიტრი გელოვანი ვერ შეცვლის ამ განწყობას.

ამ ყველაფერს მე როგორც დოღს – მეორე ადგილისთვის, ისე ვუყურებ. თუ ვინ გავა მეორე ადგილას და ვის ექნება მთავარი ოპოზიციური პარტიის მანტია, როგორც „გორბმა“ დაწერა ეს რიცხვები, ისე დაწერენ საარჩევნოდაც. როგორ წარმოგიდგენიათ, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ეს პარტიები ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის თამაშებში მონაწილეობენ, ჩვენი მხარდაჭერა ექნებათ?

მე არ მგონია, რომ ალეკო ელისაშვილის პოზიციის ცვლილების რაიმე ობიექტური გარემოება არსებობდეს. უარესი ცესკო, უფრო მეტი პოლიტპატიმარი, საზოგადოებრივი განწყობა უფრო ანტისაარჩევნოა, ამიტომ რა არის მათი მოტივაცია, ალეკო ელისაშვილს ჰკითხეთ, რადგან უფრო და უფრო იშვიათად ისმის მათ რიტორიკაში სიტყვა – “გამარჯვება”. პარტია, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ ივანიშვილს დამარცხებითა და გამოგლეჯით დაიწყო, ახლა სიტყვა – გამარჯვებას ვერ იყენებს.

ჩვენ მსჯელობას ვიწყებთ ასე – 4 ოქტომბერს არ ტარდება არჩევნები, როგორც ვერ გააკონტროლებენ იმას თუ რას დაწერს „გორბი“, ისე ვერ გააკონტროლებ, რას დაწერს ცესკო და რა რიცხვი მოუნდება ბიძინა ივანიშვილს, რომ შენი პარტიული ნომრის გვერდით გამოსახოს. 4 ოქტომბერს ტარდება რუსული სპეცოპერაცია, რომლის მიზანიც ბიძინა ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემა, სიტუაციის ნორმალიზაციაა და ამას საპროტესტო ტალღის გაძლიერებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. პირიქით, ვინც ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას აღიარებს, რომ პროტესტის არ სჯერა.

შესაბამისად, ჩვენი პოზიცია იყო, არის და იქნება – რასაც პრაგმატული აზროვნება და ქართველი ხალხის ინტერესი გვკარნახობს, ზუსტად იმ ნაბიჯს გადავდგამთ“,- განაცხადა ლევან სანიკიძემ.