ელისაშვილი პარტიებს: დააფიქსირეთ პოზიცია, ხელს მოაწერთ თუ არა დადებულ დოკუმენტს

“მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებას ეხმიანება და პოლიტიკოსების უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს.

“სირცხვილია ასეთ რამეს რომ გვეუბნებიან ევროპარლამენტარები. გაჯიქებული პოლიტიკური პარტიების უპასუხისმგებლობის შედეგად ზიანდება საქართველო. არამხოლოდ ქვეყნის იმიჯი ზიანდება, არამედ აგერ უკვე შეიძლება ამ სიღარიბის დროს ევროკავშირმა 60 მილიონი ევროს გამოყოფის საკითხიც შეაჩეროს”,- წერს ელისაშვილი.

ის კისტიან დანიელსონთან მოლაპარაკების მაგიდაზე მსხდომ ყველა პარტიას მიმართავს, იმდივიდუალურად განაცხადონ, მოაწერენ თუ არა ხელს ბოლო შეხვედრაზე წარდგენილ დოკუმენტს.

“კიდევ უფრო ღრმა კრიზისში რომ არ შევიდეს საქართველო, ამიტომ ღიად და საჯაროდ დააფიქსირეთ პოზიცია, ინდივიდუალურად დააფიქსირეთ – მზად ხართ თუ არა ხელი მოაწეროთ დანიელსონის მიერ ბოლო შეხვედრაზე დადებულ დოკუმენტს? საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ თითოეული პოლიტიკური პარტიის რეალური პოზიცია”,- აცხადებს ელისაშვილი.