ელჩები წარმოადგენენ სახელმწიფოებს, მათზე თავდასხმა ამ სახელმწიფოების შეურაცხყოფაა – საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიის ელჩის მიმართ გაკეთებულ საჯარო კომენტარებს გმობს და აცხადებს, რომ ის საკუთარ სახელმწიფოს წარმოადგენს, შესაბამისად, მასზე თავდასხმა გერმანიაზე თავდასხმაა. საგარეო უწყების მტკიცებით, ჰუმბერტ კნირშის მიმართ “შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური კამპანია” ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას ემსახურება.

“ელჩების საქმიანობა სწორედ იმ დიდი მეგობრობის და პარტნიორობის ანარეკლია, რაც საქართველოს მრავალი წლის განმავლობაში ჩამოუყალიბდა საერთაშორისო თანამეგობრობასთან. მათ შორის გახლავთ გერმანია, რომელთანაც გვაკავშირებს მაღალი დონის პარტნიორობა, რაც ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით განმტკიცდა. გერმანიამ დიდი როლი შეასრულა საქართველოს როგორც დემოკრატიული, ასევე ეკონომიკური განვითარების პროცესში”– აცხადებს სამინისტრო.

საგარეო უწყება მხარდაჭერას უცხადებს ქვეყანაში მოღვაწე ყველა დიპლომატს, მათ შორის ჰუმბერტ კნირშს.

“ბატონი ჰუბერტ ქნირში საკუთარი ქვეყნის ღირსეული წარმომადგენელია და მაღალპროფესიულად ემსახურება საქართველოსა და გერმანიას შორის პარტნიორობის გაღრმავებას და ჩვენი ქვეყნის დასავლეთთან დაახლოების პროცესს. მიგვაჩნია, რომ ელჩის წინააღმდეგ მსგავსი შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური კამპანია ემსახურება სწორედ ჩვენს ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას. უწყებისთვის მიუღებელია მსგავსი სახის უპასუხისმგებლო ქმედებები, რასაც სამწუხაროდ ბოლო პერიოდში პოლიტიკოსების, მედიის თუ საზოგადოების ცალკეული წარმომადგებლების მხრიდან ადგილი აქვს დიპლომატიური კორპუსის მისამართით. ქართველი დიპლომატების სახელით მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე ყველა დიპლომატს მათი პროფესიული საქმიანობის შესრულებაში“, – წეროა განცხადებაში.

გერმანიის ელჩი პოლიტიკოსების კრიტიკის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუა ნახსენები არ არის. რამდენიმე დღის წინ მან ასევე ისაუბრა 20 ივნისის აქციაზე, რომლის შესახებაც თქვა, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ პირდაპირპროპორციული ძალა გამოიყენა. მან 2008 წლის აგვისტოს ომზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომი რუსეთის ინტერესებში იყო, თუმცა საქართველოს მთავრობის ქმედებებმა მათ საქართველოში შემოჭრის საბაბი მისცა.