ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების წართმევა არჩევნებსა და დემოკრატიას კლავს – ლემონჯავა

ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების წართმევა არჩევნებსა და დემოკრატიას კლავს – კოალიცია ცვლილებისთვის ივანიშვილის რეჟიმის ახალ საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა. განცხადება გიგა ლემონჯავამ გააკეთა.

“ქვეყანაში, საიდანაც ადამიანები გარბიან და თავიანთ ოჯახებს ემიგრაციიდან არჩენენ, სადაც ივანიშვილმა უპერსპექტივობის, სიღარიბის გარემო შექმნა, რის გამოც ადამიანებს ქვეყნის დატოვება უწევთ და ქვეყანაში, რომელსაც მილიონზე მეტი ემიგრანტი ჰყავს, ემიგრანტებისთვის საარჩევნო ხმის უფლებას კრძალავენ. ეს არაა თავდასხმა მხოლოდ ემიგრანტებზე, მათ სამოქალაქო თავისუფლებაზე ან პოლიტიკურ პარტიებზე – ეს არის არჩევნების, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის გაუქმების მცდელობა, საქართველოში დემოკრატიის მკვლელობის მცდელობა.

ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლებას იმიტომ აუქმებენ, რომ ქართული ოცნება ემიგრაციაში საარჩევნო ხმებს ვერ აკონტროლებს […] ივანიშვილი ვერ ახერხებს, ემიგრანტებში ხმები აკონტროლოს სუს-ის მეშვეობით, დაშინებით, მოსყიდვით, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კამპანიებით. ამიტომ, ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ემიგრანტებზე შური იძიოს […] არჩევნები ბოლო მექანიზმია, რითიც ჩვენი ემიგრანტები ქართულ სახელმწიფოსთან ბმას ინარჩუნებენ. ეს უმძიმესი ინიციატივაა, რომელიც საქართველოში არჩევნებსა და დემოკრატიას კლავს”. – თქვა კოალიცია ცვლილებისთვის წევრმა, გიგა ლემონჯავამ.