“ემიგრანტების გადმორიცხვებიც რეჟიმის რეპრესიებს დაექვემდებარება” – აშშ-დან შემოწირულობის გამო, კომისიამ „კავკასიის“ მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ აშშ-დან შემოწირულობის გამო, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ  ტელევიზიის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება  დაიწყო.  კომისია „კავკასიისგან“ ითხოვს წერილობით განმარტებას 3 სამუშაო დღის ვადაში.

„მოგეხსენებათ, კავკასია შემოწირულობებს იხვეწება, ღიად გვაქვს გამოცხადებული ჩვენი ანგარიში. გვირიცხავენ თანხებს სრულიად უცნობი ადამიანები, რაც განსაკუთრებით მიჩუყებს გულს. საუბარია ისეთ თანხებზე, „იმედის“ პროპაგანდისტები ერთ ლანჩში რომ იხდიან. თურმე მარეგულირებელმა აღმოაჩინა, რომ ჩვენი ერთ-ერთი შემომწირველი აშშ-დან არის. მართლა არ ვიცი, ვინ არის ეს ძვირფასი ადამიანი. გვარი და სახელი ქართული აქვს. შეიძლება ორმაგი მოქალაქეც არის. არ ვიცი სად უნდა გამოვიძიო. და აი, ამათ რა უნდა ვუპასუხო. შემომწირველს რა მომსახურება გავუწიე? რა ინვოისი გავუგზავნე? ან რაში დავხარჯე? ალბათ, დენის ფული გადავიხადეთ ან ხელფასი გავისტუმრეთ. რა ვიცი. სხვა რა უნდა გვექნა ამ ფულით? ამათ უნდათ უბრალოდ დაგვღალონ, შეგვაშინონ რომ მოგვბეზრდეს ცხოვრება და აქედან წავიდეთ. ვერ მოესწრებით“, — წერს ნინო ჯანგირაშვილი.