შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, სოსო გაბრიაძე, რომლის მიერ უმისამართო გასროლასაც ვაჟა ფშაველას გამზირზე ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, აცხადებს, რომ მან ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა.
მისი ადვოკატი, რომელიც დაკავებულ პოლიციელს საღამოს შეხვდა, ამბობს რომ ის მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია და მომხდარს ძალიან განიცდის.
“ძალიან განიცდის იმ ფაქტს რაც მოხდა. ადამიანს, რომელიც კანონს იცავდა, ედავებიან, რომ მისმა გასროლილმა ტყვიამ სრულიად უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა.
ძალიან რთული სიტუაციაა, ეს ადამიანი გასროლის ფაქტს ადასტურებს, მისი მხრიდან იარაღის გასროლა რამდენჯერმე მოხდა, თუმცა, გასროლა მოხდა ჰაერში, ველოდებით ექპერტიზის დასკვნას, მტკიცებულებებს რას გადმოგვცემენ. ამ ადამიანს რომ ვინმეს მოკვლის განზრახვა ჰქონდა, ან დაენახა თავის მიერ გასროლილი ბრმა ტყვია ვინმეს როგორ მოხვდა, მსგავს რამეს ადგილი არ ჰქონია. “ – ამბობს ადვოკატი.
მეზობელი კორპუსიდან გასროლილ ტყვიას 50 წლის ქალი თამარ ანთელავა კვირას საღამოს შეეწირა. ის საკუთარ ბინაში დივანზე იჯდა, როდესაც სოსო გაბრიაძის მიერ 600 მეტრის დაშორებით მდებარე კრპუსიდან აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნავად გასროლილი ტყვია მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციელი ორშაბათს დააკავეს. მას ბრალს ოფიციალურად ხვალ წარუდგენენ. მას გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით ედება ბრალი.