”თუ გამხდარი არაა ივარჯიშოს” – “ენდორფინი” დისკრიმინაციული შინაარსის ვაკანსიის გამო დააჯარიმეს

კვების ობიექტი “ენდორფინი”  დისკრიმინაციული შინაარსის ვაკანსიის გამო შრომის ინსპექციამ დააჯარიმა.  შრომის ინსპექციის განცხადებით, მათი მხრიდან პირველად განხორციელებული რეაგირების, კერძოდ, გაფრთხილების გაცემის მიუხედავად, კვების ობიექტმა, სოციალური ქსელის მეშვეობით, დისკრიმინაციული შინაარსის განცხადება კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა:

“ენდორფინს ესაჭიროება ბუღალტერი 50 წლამდე გოგონა სრულ განაკვეთზე სამუშაოდ.
მოთხოვნები:

  • მაღალი;
  • გამხდარი;
  • პროგრამა ფინაში მუშაობის გამოცდილება;
  • წარმოებაში მუშაობის გამოცდილება.

ანაზღაურება 1 500 ლარი. გთხოვთ, სივი სელფთან ერთად გადმოგვიგზავნოთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

“დისკრიმინაცია აკრძალულია როგორც შრომით, ასევე წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში, მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადებების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე. დისკრიმინაცია სახეზეა, როდესაც არსებობს განსხვავებული მოპყრობა ანალოგიურ პირობებში მყოფი პირების მიმართ და რომელსაც არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება”, – ნათქვამია ინსპექციის განცხადებაში.

შრომის ინსპექციის სამსახური მოუწოდებს დამსაქმებლებს:

  • არ დაუშვან ვაკანსიის ტექსტში დისკრიმინაციული ენის მარკეტინგული თუ სხვა მიზნებისათვის გამოყენება;
  • არ შეუწყონ ხელი საზოგადოებაში ახალი სტერეოტიპული შეხედულებების დამკვიდრებას ან/და უკვე არსებულების გაძლიერებას;
  • გამონახონ ოქროს შუალედი, რომლითაც დაცული იქნება, როგორც აზრის თავისუფლება, ასევე, იმ პირთა უფლებები, რომლებიც ამ თავისუფლების სამიზნეს წარმოადგენენ.

კვების ობიექტი “ენდორფინი” კი აცხადებს, რომ შრომის ინსპექცია არღვევს გამოხატვის თავისუფლებას.

”მეგობრებო დღეს ჩვენი სახუმარო პოსტის გამო თავს დაგვესხა შრომის ინსპექცია
მეკითხებიან ეს რატომ დაწერეო, იქნებ გამხდარი არაა ბუღალტერი და რა უნდა ქნასო? კაცო თუ გამხდარი არაა ივარჯიშოს და გახდებათქო მე ვუთხარი, ხოდა – კაი შეკითხვები აღარ მაქვსო და გამითიშა! თუმცა იურისტს გაუგზავნა ერთი 20 სხვა და სხვა სახის მოთხოვნა და ცდილობს სხვა რაიმე ამოგვიქექოს რომ მერე იმით დაგვაშანტაჟოს !

რას ჰგავს ეს ? ანუ გამოდის აქ ვერ შეგვედავნენ და ცდილობენ რაღაცეები ამოგვიქექონ და სხვა რამით გვაიძულონ რომ ჩვენი აზრი კი არ გვქონდეს არამედ მათი აზრი მოგვახვიონ თავს!
გამოხატვის თავისუფლებას გვიზღუდავენ! ჩრდილოეთ კორეა ვართ? თუ კადიროვის ჩეჩნეთი? ხუმრობა რომ აგვიკრძალონ.

ხო კიდევ, ჩვენო ძველ საბჭოთა სტერეოტიპებს ვებრძვითო, კაცო ებრძვი და თავად საბჭოთა ჩეკისტივით იქცევი? მე რომ გეხმარები ვერ ხედავთქო? ეს რომ სრულებით სახუმარო პოსტია და სარკაზმია დისკრიმინაციის ამას დიდი მიხვედრა უნდა?

და სტერეოტიპებთან ბრძოლაა კომუნისტური მეთოდების გამოყენება? აქ რომ ვერ ედავები და ცდილობ რაღაცა ამოუქექო? ძველი საბჭოთა ჩეკისტური დიქტატურული სტილია ეს და ამას ვერ ხვდებიან?

თავად მოქმედებენ საბჭოთა ჩეკისტებივით და ჩვენ ხუმრობით რომ დავწერეთ პოსტი, და თან სწორედ ამ სტერეოტიპების საწინააღმდეგო პოსტი, ამაზე გვედავებიან!

ხოდა თუ დაგვკეტეს დარჩებით ჩვენი უგემრიელესი პროდუქციის გარეშე და თან იცოდეთ რომ ჩრდილოეთ კორეისაკენ მივდივართ” – ნათქვამია “ენდორფინის” განცხადებაში.