,,ქართული ოცნების” წევრი ირაკლი კობახიძე მარნეულში ფერმერების პროტესტს ეხმიანება და ამბობს, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა” და ,,ევროპული საქართველო” ეპიდემიის კერას ქმნიან.
კობახიძე აფრთხილებს პარტიებს, ცეცხლს ნუ ეთამაშებიან, თორემ ,,პასუხი იქნება ძალიან მკაცრი”.
„ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ორივე განშტოებით, შეგნებულად ქმნის ეპიდემიურ კერას მარნეულში, რაც არის უმძიმესი ქმედება, რაზეც ისინი აუცილებლად მიიღებენ მკაცრ პასუხს. ჩვენ ამაზე რეაგირება გვქონდა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რაზეც მივიღეთ პრაქტიკულად აღიარება „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის მხრიდან, რომ სწორედ მათი ორგანიზებულია ეს პოლიტიკური აქცია. ეს აქცია ორგანიზებულია ორივე განშტოების მხრიდან, ეს არის აჰმედ იმამყულიევი „ევროპული საქართველოს“ და აზერ სულეიმონავი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან.
ეს არის მიზანმიმართული მცდელობა, რომ შეიქმნას ხელოვნური ეპიდემიური კერა მარნეულში, რაც არის უმძიმესი ფაქტი,მით უმეტეს იმ გმირული ბრძოლის გათვალისწინებით, რომელიც წარიმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით ეპიდემიის წინააღმდეგ. ეს არის უმძიმესი აქტი, ამაზე ისინი მიიღებენ მკაცრ პასუხს და კიდევ მინდა, გავაფრთხილო თითოეული მათგანი, ნუ ეთამაშებიან ცეცხლს, პასუხი იქნება ძალიან მკაცრი“ , – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, დღეს მარნეულის სოფელ შულავერში, რამდენიმე სოფლიდან, ადგილობრივი ფერმერები შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. ისინი ამბობენ, რომ კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის პირობებში სოფლის მეურნეობის პროდუქტის რეალიზაციას ვერ ახერხებენ. მოქალაქეები გზების გახსნას და პროდუქტების რეალიზაციას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ 23 მარტიდან მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.