„ნაცმოძრაობაში“ ისეთი ხალხი დარჩა „ხაბეს“ წყალობის მიღმა, რომლებსაც უფრო მეტი სტაჟი აქვთ „ნაცმოძრაობასთან“ ურთიერთობის, ვიდრე თავად „ხაბეს“. შესაბამისად, მე არ მგონია, ასე მარტივად მორჩეს საქმე და „ნაცებმა“ ასე მარტივად თქვან უარი იმ ხალხზე, რომლებიც ახლა „ხაბეს“ გადადგომას ითხოვს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, „ნაცებმა“ შეიძლება გამოსავალი იპოვონ იმით, რომ „ხაბეც“ გადააყენონ და იმ ხალხს, ვინც გაბრაზებული იყო აქამდე, თავზე ხელი მოუთათუნონ და სცადონ დაიბრუნონ. შეიძლება მელია გაუშვა, მაგრამ ამდენი ხალხის გაშვება „ნაცმოძრაობას“ შესაძლოა, არ უნდოდეს და მათთვის სწორი გადაწყვეტილება იყოს მელიასთან ერთად „ხაბეს“ გაშვებაც და ახალი კოლექტიური ორგანოს ჩამოყალიბება, სადაც არავინ არაა თავმჯდომარე და კოლექტიურად იმართება „ნაცმოძრაობა“. ამ დროს, მოგეხსენებათ, ვინ მართავს – მიხეილ სააკაშვილი, ცხადია. კეზერაშვილიც, მაგრამ მაინც „კურთხევა“ მგონი, მიხეილ სააკაშვილის სჭირდება ზემოდან.[…] რჩევა მაქვს „ლელოსთვის“, დამოუკიდებლად ფულის ფლანგვას, რასაც „ლელო“ წინა არჩევნებზე ეწეოდა, სჯობს ფული გადაუხადო „ნაცებს“ და შენი ხალხი ჩასვა მათ სიაში. ამით არც ოპოზიციური ხმები დაიკარგება და არც „ნაცებთან“ ბრძოლა არ გამოგივა, თორემ ახლა რასაც „ლელო“ აკეთებს, არის გამალებული ბრძოლა „ნაცებთან“.
ჩემი აზრით ის ხალხი, ვისაც იდეა არ გააჩნია, ან „ნაცებში“ ან „ქოცებში“ უნდა გაერთიანდეს. ვისაც იდეა აქვს, მარტოც შეუძლია გასვლა გაბედოს. ვინაიდან „გირჩის“ გარდა სხვა პარტიებს იდეები არ გააჩნიათ, სწორი და რაციონალურია, რომ ისინი „ნაცებსა“ და „ქოცებში“ გაერთიანდნენ. ჩვენ ყველანაირად შევეცდებით ხელი შევუწყოთ ამას და „ნაცებმაც“ არ უნდა დახურონ კარი,“
ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.