“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ნაწილი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ, ენმ-ის დეპუტატმა დავით კირკიტაძემ განაცხადა.
“დღეს, მე და ჩემმა მეგობრებმა, მიუხედავად ფრაქციაში არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანამდე იმ ქვეყანაში, სადაც მისი ჯანმრთელობა იქნება უზრუნველყოფილი, ვაცხადებთ შიმშილობას. ამ პოლიტიკურ აქტთან დაკავშირებით იყო აზრთა სხვადასხვაობა ფრაქციის შიგნით, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს პოლიტიკური აქტი იქნება მზარდი, იქნება პარლამენტის კედლებში და იქნება პარლამენტის კედლებს გარეთაც”.- ამბობს კირკიტაძე.
შიმშილობას იწყებას, ენმ-ის წევრი ანა წითლიძეც.
“პირველ რიგში მინდა, საზოგადოებას მოვუხადო ბოდიში, ჩემი მიზანი არ არის ცუდი ემოციებისგან თქვენი დატვირთვა, მინდა, ბოდიში მოვუხადო პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის მასთან შეთანხმებული, ამგრამ მე არ შემიძლია, ვუყურო პრეზიდენტს სააკაშვილის, ჩვენი თანამებრძოლის, ლიდერის და მეგობრის სიკვდილს ციხეში და არ გავაკეთო მაქსიმუმი, რათა გადავარჩინო პრეზიდენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. თუ ამ ხელისუფლებას პრეზიდენტის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადასარჩენად სჭირდება მსხვერპლი, დაე, ეს მსხვერპლი ვიყო მე, ამიტომ მე, ჩემს მეგობრებთან ერთად ვიწყებ შიმშილობას, სანამ პრეზიდენტს სააკაშვილს არ ექნება შესაძლებლობა, რომ გადარჩეს მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა”,- თქვა ანი წითლიძემ.