ენმ-ის პოლიტიკური არსებობისთვის სივრცე უნდა შევავიწროვოთ – წულუკიანი

ვფიქრობ, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური არსებობისთვის სივრცე სერიოზულად უნდა შევავიწროვოთ, რადგან მათ ეს დაიმსახურეს. იქნება ეს აკრძალვა, მათთვის ისეთი პოლიტიკური პირობების შექმნა, რომ მხარდამჭერიც კი არ დარჩეთ, გარდა ვიწრო ჯგუფისა, რომელიც ერთმანეთს რაღაც ტყუილებით ამხნევებს და ამაგრებს და ობიექტური რეალობა მათ არჩევანს არ ასაბუთებს, ეს არის მომავალში სამსჯელო საქმე, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემაში “არენა” განაცხადა.

 

“მთავარია ფაქტი, რომ დღეს, უკვე დოკუმენტებზე დაფუძნებით, იკვეთება, რომ “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც დღეს სხვადასხვა ფორმით, პარტიითა და სახელებითა და გვარებით იბრძვის პოლიტიკურ ველზე, არის ის ძალა, რომელმაც უცხო სახელმწიფოს დაუთმო დავით გარეჯის მნიშვნელოვანი ტერიტორია, შეეგუა იმას, რომ ქართველი ხალხის დაუკითხავად გადაეცა უცხო ქვეყნისთვის ქართული სხეულისა და ჩვენი იდენტობის ნაწილი. ამას აკეთებდა ჩუმად და იყო შემგუებლურ პოზიციაში. როდესაც ამის ეჭვი გაჩნდა და ეს დოკუმენტურად შევიტყვე, გარკვეული დროის განმავლობაში, გამიჭირდა კიდეც ამის დაჯერება, იმდენად გაუგონარია, რომ საქართველოს რომელიმე ხელისუფლებას ეს გაეკეთებინა. მოგვიწევს, დავიჯეროთ ის, რაც, რეალურად, გულის სიღრმეში, ყველამ ვიცოდით. ეს არის მოღალატე პოლიტიკური ძალა, რომელსაც არაფერი ესაქმება ქართულ პოლიტიკაში. თუ რა ფორმით მოხდება ეს, ამაზე მომავალში ვიმსჯელებთ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.