”ჩვენ ღალატს ვუყურებდით, ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რითაც ხელს ადებდნენ ქართველ ჯარისკაცებს და ომის დანაშაულს აბრალებდნენ” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „გორბის“ კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ის, რომ ღალატი, რომელიც ჩვენს თვალწინ მიმდინარეობდა და, ახლა თავს ნუ მოიტყუებს ნურავინ, ამ ღალატს ჩვენ ვუყურებდით. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები, გამოვიარეთ 2008 წლის აგვისტო, როგორც მოქალაქეებმა და ეს ყველაფერი ხდებოდა ჩვენს თვალწინ.
ჩვენ ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლითაც ისინი ხელს ადებდნენ ქართველ ჯარისკაცებს და აბრალებდნენ ომის დანაშაულს. ჩვენ ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც აღიარა ტალიავინის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი იყო ის, ვინც ცეცხლი გახსნა. ეს არის ყველა ის გადაწყვეტილება, რომლის თანამონაწილეც არის „ნაციონალური მოძრაობა“. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, ტალიავინის დასკვნა, რომელსაც ისინი დაეთანხმნენ და ა.შ. ყველაფერ ამას, რა თქმა უნდა, უნდა გაეცეს პასუხი.
ჩვენ შევძელით ის, რომ შემოვაბრუნეთ საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარე დავები და გავამართლეთ ქართველი ჯარისკაცები, რომლებსაც ომის დანაშაულს „ნაციონალური მოძრაობა“ აბრალებდა.
ჰააგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის აგვისტოში ერთადერთი, ვინც ჩაიდინა ომის დანაშაული, ეს იყო სეპარატისტული რეჟიმი და რუსი სამხედროები. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლო დონეზე აღიარებული იქნა, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს რუსეთს. შევძელით ის, რომ ვაღიარებინეთ სტრასბურგის სასამართლოს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ვაღიარებინეთ ჰააგის სასამართლოს, რომ ომის დანაშაულები მხოლოდ სეპარატისტულმა რეჟიმმა და რუსმა სამხედროებმა ჩაიდინეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.