ენმ-მ პოლიტიკური თაღლითობა მოიფიქრა და ხელმოწერა გადაწყვიტა – ღარიბაშვილი

პრემიერმინიტრი ირაკლი ღარიბაშვილი “თაღლითობას” უწოდებს ნაციონალური მოძრაობის მიერ 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერას.

“გუშინ გავიგეთ, რომ პოლიტიკური თაღლითობა მოიფიქრეს და ევროკავშირის მედიაციით შემდგარ დოკუმენტზე გადაწყვიტეს ხელმოწერა. ეს ძალიან მარტივი გასაგებია, ჩვენ სამი თვის განმავლობაში ველოდით მათ ხელმოწერას. ჩვენ ვიყავით პირველი, ვინც გადადგა ეს ნაბიჯი, ამ კომპრომისზე წავიდა, რა თქმა უნდა, ჩვენი ევროპელი პარტნიორების, დიდი მეგობრის, შარლ მიშელის პატივისცემის დასადასტურებლად, ჩვენი დიდი მეგობრის, ამერიკის პატივსაცემად და ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო პოლარიზებული საზოგადოების დამშვიდება”,– ამბობს ღარიბაშვილი.

მისივე მტკიცებით, ხელმოწერის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ყველა ვალდებულების შესრულება, თუმცა შეთანხმება ცალმხრივად იყო შედგენილი.

“ნაწილი რეფორმების ჩვენ პირნათლად შევასრულეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ცალმხრივად შედგენილი დოკუმენტი, ვინაიდან მთავარი ხელმომწერი, ვინც უნდა ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, ხელი არ მოაწერა. ამის მიუხედავად, ჩვენ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე გადავდგით ნაბიჯი და ყველა ის რეფორმა, რომელიც იყო შესასრულებელი, პირნათლად შევასრულეთ. კიდევ არის დარჩენილი რეფორმები, რომლებსაც, რა თქმა უნდა, ბოლომდე მივიყვანთ”,– აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში 19 აპრილის შეთანხმებას ხელი დღეს მოაწერეს.