ენმ-მ ხელი შეუწყო ამ პროცესს – სამადაშვილი შეთანხმების ანულირებაზე

ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ხელი შეუწყო ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას.

მისი შეფასებით, ეს ორი პარტია ქვეყანას კატასტროფისკენ მიაქანებს.

“ეს იყო ქართული ოცნების გეგმა, რომ დოკუმენტის ჩაშლა მომხდარიყო. ძალიან სამწუხაროა რომ ნაციონალურმა მოძრაობამ პირდაპირ შეუწყო ხელი ამ პროცესს. ფაქტობრივად, ჩვენ ვხედავთ რომ დღეს ორი პოლიტიკური ძალა, ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება ქვეყანას მიაქანებს კატასტროფისკენ. მე მიმაჩნია, რომ ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილება, ხელი არ მოეწერა ამ დოკუმენტისთვის, ქვეყანას არ მისცა შესაძლებლობა, რომ ეს შეთანხმება… ამან თავისი როლი ითამაშა. როდესაც ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას იყენებს საბაბად, საბაბი არ უნდა მისცე შენს მოწინააღმდეგეს იმისათვის რომ ქვეყანა წაიყვანოს კატასტროფისკენ”,– თქვა მან ტვ პირველის ეთერში.

ქართულმა ოცნებამ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. მმართველი პარტიის განცხადებით, რიგგარეშე არჩენების დანიშვნა მათ “კეთილ ნებაზე” იქნება დამოკიდებული.