ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გადაწყვიტა, შუალედურ არჩევნებზე კანდიდატი არ დააყენოს და მხარი ბადრი ჯაფარიძეს დაუჭიროს. ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
“ბადრი ჯაფარიძე სრულიად უსამართლოდ ჩამოართვეს მანდატი, ეს იყო მანდატის პოლიტიკური ქურდობა, რათა პარლამენტში ოპოზიცია არ იყოს ძლიერად წარმოდგენილი, არ გვქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ საგამოძიებო კომისიები შევქმნათ. ამიტომ, ბრძოლის ეს ფაზა, რომელიც არის საკმაოდ რთული, მათ შორის შუალედური არჩევნები თავისი ხასიათიდან გამომდინარე, არის ძალიან პრინციპული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ბატონი ბადრის მხრიდან.
რაც შეეხება მის მხარდაჭერას რუსთავში, რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი, „ნაციონალური მოძრაობა“ არ დააყენებს კანდიდატს და მხარს დაუჭერს ბადრი ჯაფარიძეს რუსთავში. ჩვენ ვიზიარებთ იმას, რომ ეს უნდა იყოს საერთო პლატფორმა, ეს უნდა იყოს ერთიანი ძალისხმევა”,– თქვა დეკანოიძემ.
მანვე აღნიშნა რომ ეს ძალიან რთული ბრძოლა იქნება, რადგან ხელისუფლება მთელი რესურსით მობილიზაციას შეეცდება.