“ძვირფასო, ლიგაში მადრიდის ატლეტიკო გყავდეს და ბარსასა და რეალს აბრალებდე ბეისბოლის ბიტით თამაშს, ძალიან უსამართლოა და ფეხბურთის არცოდნაზე თუ მეტყველებს. სინამდვილეში, ელ კლასიკოა დღემდე ერთ-ერთი მთავარი და საინტერესო დაპირისპირება.

რეალურად, ეს კალამბური ძალიან მავნებლური და ქოცურია. პირდაპირ გეტყვი, ტოლობის ნიშნის დასმა ოცნებას და ნაცმოძრაობას შორის, გარდა იმისა რომ უსამართლოა, დღეს როცა ოცნება ხელისუფლებაშია და პირდაპირ აბარებს ქვეყანას რუსეთს, ართმევს მომავალს, ძალიან უსინდისო პოზიციაა. არავინ არ გთხოვს გიყვარდეს ნაცმოძრაობა ან აქებდე მას, ან არ აკრიტიკებდე მის წარსულ თუ ახლანდელ ქმედებებს, მაგრამ… აღარ მინდა დასრულება, იმიტომ რომ წინ ვიყურები და შენც იგივეს გირჩევ. ღრმა პატივისცემით”

ასე პასუხობს გიგი უგულავა ლელოს წევრის, დავით უსუფაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, რომელიც ესპანელია, ესპანური ფეხბურთის მაგალითით აუხსნა საქართველოში არსებული მდგომარეობა. “ორი მთავარი მოთამაშე – “ბარსა” და “რეალი” ფეხბურთის მოედანზე ბეისბოლის ჯოხებით თამაშობენ ფეხბურთს და ამ ბეისბოლის ჯოხებით ერთმანეთსაც ამტვრევენ, საზოგადოებასაც და სხვა პოლიტიკურ ძალებსაც და ეს საქართველოს უკან ეწევა”,– განაცხადა უსუფაშვილმა IPN-ის ცნობით.