ენმ-ს აჭარის ორგანიზაცია უბნებთან სირცხვილის კორიდორებს ძალაში ტოვებს

ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის წევრი გიორგი კირთაძე ფორმულასთან აცხადებს, რომ სირცხვილის კორიდორები ძალაში რჩება. მისი განცხადებით, არჩევნების გამყალბებლებს მოუწევთ ხმაურიან დერეფნებში გავლა და ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდება.

“ენმ-ის აჭარის ორგანიზაცია სირცხვილის კორიდორების ამბავს ძალაში ტოვებს. ამ კორიდორებში გავლა მოუწევთ გაყალბებაზე პასუხისმგებელ პირებს. ქართული ოცნება არჩევნებზე ამომრჩევლის დაშინებით მიყვანას ცდილობს. აქედან გამომდინარე, ეს არჩევნები არ არის. ჩვენ ამას გავაპროტესტებთ. საპროტესტო მუხტი იქნება მთავრობასთანაც და გადავა ყველა საარჩევნო უბანთან. ჩვეულებრივი მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებას არავინ ეხება, შევლენ უბანზე მისცემენ ხმას და დამთავრდება ყველაფერი. ვინც არჩევნები გააყალბა, იმათ ხმაურიან კორიდორებში მოუწევთ გავლა”, – აცხადებს კირთაძე ფორმულასთან.

ამ ინიციატივას კრიტიკულად აფასებს თავად ენმ-ს ლიდერი სალომე სამადაშვილი. ასევე, ევროპული საქართველოს, გირჩის, ლელოს, მოქალაქეების და სხვა პარტიების წევრები.

ქართული ოცნების ლიდერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საარჩევნო უბანთან კორიდორები სისხლის სამართლის დანაშაულია, ამიტომ ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას არცერთი ოპოზიციური პარტია არ მიიღებს.