პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ერთმანეთს ეხმარებიან, ენმ-ს კი შესაძლოა აწყობდეს არჩევნებზე მეორე ადგილით სტატუს-კვოს შენარჩუნება.
“სიტუაცია ამ ორი პარტიის [ენმ-სა და ქართული ოცნების] ხელში არაპროგნოზირებადია, ნებისმიერ პროვოკაციაზე შეიძლება წავიდნენ ერთმანეთის დასახმარებლად. ვფიქრობ, რომ ერთმანეთს ეხმარებიან.
ეს სიტუცია შეიძლება იყოს ბუნებრივი, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ამ ორმა ორგანიზაციამ, რომელიც მრავალი ათასი ადამიანისგან შედგება, დაინახა ამის ბენეფიტი – გარანტირებული მეორე და პირველი ადგილი. სტატუს-კვოს ცვლილება ხშირად წაგებულ მხარესაც არ აწყობს ხოლმე. წაგებულია ერთი გაგებით, მაგრამ ფაქტობრივად, ნაციონალური მოძრაობა უზრუნველყოფს იმას, რომ გირჩის ან ნებისმიერი სხვა პატარა პარტიის პერსპექტივა მოკლას ამ სტრატეგიით”,– ამბობს მეგრელიშვილი პირველი არხის ეთერში.
ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ნაციონალურ მოძრაობას შეიძლება აწყობდეს გარანტირებული მეორე ადგილი და ის არ იბრძვის ხელისუფლების დასაბრუნებლად, მეგრელიშვილი ასე პასუხობს:
“გირჩი – მეტი თავისუფლების კონგლომერატში რომ წარმოვიდგინოთ, რა თამაშს თამაშობს ნაციონალური მოძრაობა, რატომაც არა, რატომ უნდა აწყობდეს [ხელისუფლებაში დაბრუნება], სინამდვილეში ის დაელოდება, ვიდრე ხელისუფლებაში მყოფი ძალა იმდენ შეცდომას დაუშვებს, რომ საზოგადოებას მეტი ალტერნატივა არ ექნება, რომ აირჩიოს ნაციონალური მოძრაობა. ეს სტრატეგია ძალიან რაციონალურია”,– აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.