ენმ უკრაინაში გენოციდის აღიარების შესახებ პარლამენტში დადგენილებას არეგისტრირებს

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ დღეს ენმ პარლამენტში არეგისტრირებს დადგენილებას უკრაინაში გენოციდის აღიარების თაობაზე.

მისი თქმით, ეს უნდა გახდეს მორიგი ლაკმუსის ქაღალდი ბიძინა ივანიშვილისთვის, შალვა პაპუაშვილისთვის.

“ბუნებრივია, ეს არ იქნება იურიდიული და სამართლებრივი დეტალების გამორკვევის პროცესი. ეს იქნება პოლიტიკური შეფასება – ან კი, ან არა. ან ბუჩაში ნანახმა დაარწმუნა ქართული ოცნება, რომ იქ ნამდვილად არის გენოციდი, ან ისინი ამ ყველაფერს უარყოფენ. ან ისინი დგებიან კვლავ ერტუშეკუვების გვერდზე, ან ისინი დგებიან დანარჩენი თავისუფალი სამყაროს მხარეს. არჩევანი არის ქართულ ოცნებაზე, ჩვენ ამ დადგენილებას დღესვე დავარეგისტრირებთ.

ალბათ, ყველაზე ოპტიმისტი მოქალაქე ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ ქართული ოცნება მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. ვნახოთ, დაველოდოთ. გადაწყვეტილება როგორიც იქნება, გამოძახილიც ადეკვატური გვექნება როგორც საქართველოს მოსახლეობას, ისე ჩვენს პარტნიორებს”,– განაცხადა მელიამ ბრიფინგზე.

მანვე აღნიშნა, რომ “მაშინ, როდესაც ევროპული ქვეყნის არაერთმა პარლამენტმა მიიღო დადგენილება უკრაინაში გენოციდის აღიარების თაობაზე, პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ადგილზე იყო ჩასული და ნახა, როგორ არის დახვრეტილი ხალხი, ხელებშეკრული ფეხმძიმე ქალები, ბავშვები, ვერ ბედავს თქვას, რა მოხდა სინამდვილეში”.