ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ბეჟაშვილი ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას, განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ სანამ მოლაპარაკებები არ დასრულებულება, ერთ-ერთი მხარის მიერ მსგავსი განცხადებების გაკეთება მოლაპარაკებას ჩრდილს აყენებს.
“სანამ მოლაპარაკებები არ დასრულდება, მსგავსი განცხადებების საფუძველი არ არსებობს. ამიტომ, ყველა პარტიას მოვუწოდებთ, რომ დავსხდეთ მაგიდასთან და მივაღწიოთ შეთანხმებას. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ შეთანხმება მოხდება, განსაკუთრებით თბილისის მაჟორიტარულ ოლქებზე და ოპოზიციური პარტიები შევძლებთ ერთიანი ფორმატით შევუტიოთ ივანიშვილს”, – წერს ბეჟაშვილი.
ბეჟაშვილი აღნიშნავს, რომ დღეს ამომრჩევლის დაკვეთა ოპოზიციის შეთანხმებაა, ენმ კი ამისთვის ყველფაერს გააკეთებს.
“დღეს ამომრჩევლის დაკვეთა სწორედ ესაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, „ენმ“, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია, ყველაფერს აკეთებს მაქსიმალურად იმისთვის, რომ შეთანხმება მოხდეს, განსაკუთრებით თბილისში, როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპული საქართველო ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდებს, შეთანხმების ერთგულები დარჩნენ. გიგა ბოკერიას იმედი აქვს, რომ ენმ-ს წევრებისა და მათთან დაკავშირებული პირების განცხადებები შეთანხმების ჩაშლის მომზადება არ არის.
დავით ბაქრაძის თქმით, პირველ ტურში საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმება ოპოზიციის გამარჯვებისთვის საკვანძო ელემენტია.
გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მაჟორიტარებზე შეთანხმება მნიშვნელოვანია, ამიტომ თუ შეთანხმება ვერ ხდება, პარტიებმა საჯაროდ უნდა ახსნან, რატომ ვერ ხდება და რა შეიცვალა.
ლეიბორისტების ლიდერის, შალვა ნათელაშვილის პოზიციაა, რომ პირველ ტურში 30 მაჟორიტარული ოლქი ოპოზიციური პარტიების განსაკუთრებულ ერთიანობასა და ყურადღებას მოითხოვს.