პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეთანხმება პატრიარქის მითითებას სოფლის მეურნეობის განვითარებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ხელისუფლება ზრუნავს სოფლის გაძლიერებაზე, თუმცა მოსახლეობის ნაწილი არ დაინტერესებულა სოფლის მეურნეობით, თუმცა ახლა, ეპიდემიის დროს ხალხი შეშინდა და დაიწყო მიწის დამუშავება.
,,რაც შეეხება სოფლის მეურნეობის განვითარებას, რაზეც უწმინდესი მიგვითითებს, სრულიად ვეთანხმები და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაც სწორედ ეს არის – ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დავიწყეთ რეგიონალური პოლიტიკის გატარება და სოფლის გაძლიერება. ამისთვის ბევრი პროექტი ხორციელდება. თუმცა, ნებისმიერი რეფორმის გატარება შეუძლებელია ხალხის თანამონაწილეობის გარეშე. ამ წლებმა გვიჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობამ ეს ინიციატივა მიიღო და ბევრი საწარმო შეიქმნა, თუმცა, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მაინც არ დაინტერესებულა მიწების დამუშავებით და სასოფლო სამეურნეო საქმიანობით.
დღეს კი, არსებული ეპიდემიით ხალხი შეშინდა და სოფლებში გაიხიზნა, დაიწყეს მიწების დამუშავება და სხვა სასოფლო საქმიანობა. მინდა მჯეროდეს, რომ მათი ეს ქმედება ეპიდემიის გაქრობასთან ერთად არ დამთავრდება და მოსახლეობა განაგრძობს სასოფლო სამეურნეო საქმიანობას. ხელისუფლება კი გააძლიერებს ამ მიმართულებით მუშაობას. ყველა განსაცდელისგან რაღაცას სწავლობს ადამიანიც და ქვეყანაც. მჯერა, ამ განსაცდელს აუცილებლად დავძლევთ და იმ უპირატესობებს, რითაც აშკარად გამოიკვეთა საქართველო მსოფლიოში, სასიკეთოდ გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ კომენტარში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 394 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 86 გამოჯანმრთელდა, 4 გარდაიცვალა.