„ჩვენ გავიარეთ მეორე ტური, შევედით მეორე ტალღის პიკში და ველოდებით მოლაპარაკების მესამე რაუნდს“, – ამბობს ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.
მისი მტკიცებით, პოლიტიკურად პოლარიზებულ გარემოში არჩევნების მეორე ტურში საზოგადოებამ ქვეყნის მართვის სადავეები „ქართულ ოცნებას“ დაუტოვა, თუმცა ოპოზიციური სპექტრი უფრო მრავალფეროვანი გახადა.
ხუნდაძე ეპიდსიტუაციის გართულებას ქუჩის აქციებს უკავშირებს.
„ეპიდემიოლოგიურად ვითარება რთულია. ვიმყოფებით მეორე ტალღის, მაღალი გავრცელების ფაზაში, რაც პროგნოზირებადი იყო, მაგრამ მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა ქუჩის აქციებმა და რეკომენდაციების შეუსრულებლობამ. თუ სასწრაფოდ არ მოხდა ვითარების სტაბილიზაცია, შესაძლოა ქვეყანამ და საზოგადოებამ გამოუსწორებელი ზიანი მიიღოს”,– ამბობს ხუნდაძე.
ქართული ოცნების დეპუტატი აღნიშნავს, რომ ეპიდკონტროლის გარდა, საჭიროა საზოგადოების დამყოლობა და პოლიტიკური სტაბილურობა, რისთვისაც მისი აზრით, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი.