დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შეფასებით, ფრენების გახსნის 30 სექტემბრამდე გადავადება “საკმაოდ სწორი გადაწყვეტილებაა”.
“ქვეყანაში მიმოსვლა გაზრდილია. რამდენიმე რეგულარული ფრენა აღდგენილია. ლუფტჰანზა დაფრინავს კვირაში ორჯერ, ეარფრანსიც კვირაში ორჯერ, ბალტიკი დაფრინავს. ამავე დროს, საქართველოს ავიახაზები დაფრინავენ გარკვეული პერიოდულობით”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.
მისივე თქმით, მთელ ევროპაში ფრენის მობილობა, დაახლოებით, 60-70%-ითაა შემცირებული და ამიტომ არაფერია გასაკვირი იმაში, რომ საქართველოს ჯერაც არ აღუდგენია რეგულარული ფრენები, რომელიც დაპირებისამებრ, 1 ივლისს უნდა აღდგენილიყო.
მანვე აღნიშნა, რომ მართვადი ეპიდსიტუაციის ერთერთი მიზეზი ფრენების მაქსიმალურად შემცირებაა.
“ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მართვადია და ეს სწორედ იმ ღონისძიებების შედეგია, რაც ქვეყანამ ბოლო პერიოდში განახორციელა. მათ შორის ერთერთი სწორედ ფრენების მაქსიმალური შემცირებაა. მესმის, ეს შესაძლებელია გარკვეული დისკომფორტია ადამიანებისთვის, მაგრამ იმის გამო, რომ თავიდან ავიცილოთ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი გავრცელება ინფექციის…” – თქვა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ ოქტომბრამდე გახანგრძლივდა.