ბოლო თვეების მანძილზე ერაყი ძლიერი გვალვით ძალიან დაზარალდა. შედეგად, მოსულის წყალსაცავში წყლის დონემ უკიდურესად დაიწია და ფსკერზე არსებული უძველესი ქალაქი გამოჩნდა, რომლის ასაკი 3400 წელია.
არქეოლოგიური გათხრების ადგილს კემუნე ეწოდება. ნანგრევები შედგება სასახლისა და სხვა რამდენიმე დიდი ნაგებობისგან, რომლებიც ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება. მეცნიერები თვლიან, რომ ნანგრევები შეიძლება უძველესი ქალაქი ზაკიკუ იყოს, რომელიც მითანის იმპერიის ხალხმრავალ ცენტრს წარმოადგენდა. იმპერია მდინარე ტიგროსის ნაპირებზე ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1550–1350 წლებში ყვაოდა.
სასახლის გარდა მკვლევარებმა კიდევ რამდენიმე საინტერესო ნაგებობა აღმოაჩინეს. მათ შორის დიდი ციხე–სიმაგრე კედლებით და კოშკებით, სამრეწველო კომპლექსი და უზარმაზარი მრავალსართულიანი საწყობის შენობა.
არქეოლოგებმა ასევე აღმოაჩინეს რამდენიმე კერამიკის ქოთანი, რომლებიც 100–ზე მეტ თიხის ფირფიტას შეიცავს ლურსმული დამწერლობით.
არქეოლოგებს იმედი აქვთ, რომ ეს წარწერები გარკვეულ ინფორმაციას შეიცავს იმის შესახებ, ვინ ცხოვრობდა ამ ქალაქში, და შესაძლოა, თავად მიწისძვრის შესახებაც, რომელმაც ამ ქალაქის დაღუპვა გამოიწვია.