ერდოღანმა პუტინს სატელეფონო საუბრისას ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ და მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული პირობების გაუმჯობესებისკენ მოუწოდა.

ერდოღანის ოფისის ინფორმაციით, პრეზიდენტები ერთმანეთს ტელეფონით კვირას ესაუბრნენ. ამ დღეებში თურქეთში უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უნდა გაიმართოს, თუმცა კონკრეტული დრო და ადგილი ჯერ არ სახელდება. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მავლუტ ჩაუშოღლუმ იმედი გამოთქვა, რომ ეს შეხვედრა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით და მშვიდობის დამყარებით დასრულდება.