ერევანი ბაზრობაზე აფეთქება მოხდა. ცეცხლი პიროტექნიკის საწყობს გაუჩნდა

ერევნის ცენტრთან ახლოს, საბითუმო ბაზარ “სურმალუს“ საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 26 დაიჭრა. ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება. ბაზრის ტერიტორიაზე აფეთქების ხმა ადგილობრივი დროით 13:23 საათზე გაისმა, შემდეგ კი ხანძარი გაჩნდა. პირველ აფეთქებას კიდევ არაერთი აფეთქება მოჰყვა, რადგან ცეცხლი პიროტექნიკის საწყობს გაუჩნდა.

სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები და მაშველები.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს კვამლის სვეტები ქალაქის თავზე და ისმის აფეთქების ხმები. სომხური სააგენტოების ცნობით აფეთქდა პიროტექნიკის საწყობი.

ერევნის მერი ადასტურებს ინფორმაციას, რომ აფეთქება პიროტექნიკის საწყობს გაუჩნდა.